მევენახეობა
ცხენისძუძუ აჭარული — ქართული ვაზის ჯიში

ცხენისძუძუ ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიშის სახელწოდებაა. მაგალითად, მას ვხვდებით კახეთში, ქართლში, მესხეთში, რაჭაში, გურიაში, აფხაზეთსა და აჭარაში. იგი ამ სახელს ატარებს ცხენისძუძუს მსგავსი მოყვანილობის მარცვლების გამო.
საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხენისძუძუ თურქული ათმემეს-სახელწოდებით აღწერილი აქვს ს. ტიმოფეევს, რომელსაც ის სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს აკუთვნებს. აკად. ივ. ჯავახიშვილის მიხედვით ცხენისძუძუს გადარქმევა “ათმედ” მომხდარა მას შემდეგ, რაც ართვინის ოლქის მოსახლეობას მიუღია მაჰმადიანობა. ს. ტიმოფეევის მიერ აღწერილი ჯიში ათმემე, შუა და ზემო აჭარაში გავრცელებული ცხენისძუძუს სავსებით იდენტურია.
აჭარული ცხენისძუძუ, როგორც სახელწოდება გვიჩვენებს, აჭარაშია წარმოქმნილი და მაღალხარისხოვანი სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. ჩვენი აზრით, იგი ჩამოყალიბდა პონტოს მხარეში, ბუნებრივი გამრავლების გზით საუკუნეთა განმავლობაში და განივითარა ამ ზონისათვის დამახასიათებელი მორფოლოგიურ-აგრობიოლოგიური ნიშან-თვისებები (ფოთლის მორფოლოგიური ნიშნები, ყვავილის ტიპი, მარცვლის კანის სისქე და კონსისტენცია, ვაზის ზრდის სიძლიერე, სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა და, განსაკუთრებით, ყურძნის ნაგვიანევი სიმწიფე) და გამოიყო აჭარის ენდემურ ვაზის ჯიშთა ჯგუფში.
ადგილობრივი კვლევის შედეგად გამოირკვა, რომ ცხენის- ძუძუ, როგორც სუფრის ყურძნის ჯიში, წარსულში ფართოდ ყოფილა გავრცელებული მაღლარებად აჭარისწყლის ხეობაში, განსაკუთრებით — შუა და ზემო აჭარაში. ცხენისძუძუს პროდუქციას ადგილობრივი მოსახლეობა მხოლოდ ყურძნად იყენებდა და, როგორც გადმოგვცემენ, დიდი ოდენობით ასაღებდნენ ქ. ბათუმის ბაზარზე. ყურძენს ხშირად დაუკრეფავს ტოვებდნენ ვაზებზე და მხოლოდ საჭიროების მიხედვით კრეფდნენ — ზამთარში.
სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის მოქმედების შედეგად ცხენისძუძუს მაღლარები ისე, როგორც სხვა ჯიშები მასობრივად განადგურდა. ცხენისძუძუს ვაზი სათანადო მოვლის პირობებში იჩენს მისთვის დამახასიათებელ ძლიერ ზრდა-განვითარებას, უხვ მოსავალს იძლევა და ხარისხოვანი სუფრის ყურძნის ჯიშისთვის დამახასიათებელი ლამაზი, ბარაქიანი მტევნები და მოგრძო, ხორციანი მარცვლები ახასიათებს.
აჭარული ცხენისძუძუ, როგორც მაღალხარისხოვანი სუფრის ყურძნის ჯიში, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს და მევენახეობის შემდგომი განვითრების შესაბამისად იგი ფართოდ უნდა გავრცელდეს ნამყენების სახით შუა და ზემო აჭარაში.
ბოტანიკური აღწერა
აჭარული ცხენისძუძუ აღწერილი იქნა სოფ. ჩაოში (ხულოს რ-ნი), ხოლო შედარების მიზნით სოფ. ვაიოში და ქედის საკოლექციო ნაკვეთზე (ქედის რ-ნი). სოფ. ჩაოში ცხენისძუძუ წარმოდგენილია საკუთარ ძირზე მაღლარად ჩრდილოეთით დახრილ ფერდობზე.
ახალგაზრდა ყლორტი. კვირტები გაშლის პერიოდში მომწვანო-იისფერია, ოდნავ მოწითალო ელფერით და საკმაო სქლადაა დაფარული მონაცრისფრო-თეთრი ბუსუსით. ზრდის კონუსიც სქლადაა დაფარული ბეწვისებრი ბუსუსით. ახლაგაშლილი პირველი ფოთოლი ზემო მხრიდან მომწვანოა, მუქი მოწითალო ელფერით და საკმაოდ შებუსვილია. ქვედა მხარე მომწვანო-იისფერია, მოწითალო ელფერი აქვს და სქლადაა დაფარული ბუსუსით. მომდევნო მეორე და მესამე ნორჩი ფოთოლი ზემოდან მუქი იისფერია და მოწითალო ელფერი დაჰკრავს. მეორე ფოთოლი საკმაოდ, ხოლო მესამე მცირედაა შებუსვილი.ქვედა მხრიდან შებუსვა მეორე ფოთოლს უფრო მეტად ახასიათებს, მესამეს კი შედარებით მცირედ. ახალგაზრდა ყლორტი ღია მწვანეა და მცირედ შებუსვილია. შებუსვა უფრო მატულობს ყლორტის წვერისაკენ.
ერთწლიანი რქა. შემოსული რქა ყავისფერია და საშუალო სიმსხოსი. მუხლები უფრო მუქია. მუხლთაშორისის სიგრძე 8-13 სმ აღწევს.
ფოთოლი _ზრდადამთავრებული ფოთოლი საშუალო სიდიდისაა ან საშუალოზე მცირეა და საერთო მოყვანილობით მომრგვალო ან ოდნავ ოვალურია. მისი საშუალო სიგრძე 15,3 სმ, ხოლო სიგანე 15,0 სმ უდრის.ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი უფრო ხშირად ჩანგისებრია და მახვილფუძიანი. ამონაკვეთის ნაკვთები შედგება სამი ძარღვისაგან. გვხვდება ისრისებრი მოყვანილობის ღრმა ამონაკვეთებიც. ზედა ამონაკვეთი ღიაა და მცირედ ჩაჭრილი. იშვიათად საკმაოდ ჩაჭრილიც გვხვდება, რომელიც ქმნის ნახვრეტისებრ კუთხეს. ქვედა ამონაკვეთი უმნიშვნელოდაა ჩაჭრილი.
ფოთოლი სამნაკვთიანია. წვერის ნაკვთი ფოთლის ფირფიტასთან ბლაგვ კუთხეს ქმნის, იშვიათად სწორს.ნაკვთის წვერის კბილები სამკუთხედისებრია წამახვილებული წვერით ან ამოზნექილი გვერდებით. გვხვდება ხერხკბილა სამკუთხედისებრი მოყვანილობის კბილებიც. მეორეული კბილები მთავარი კბილების მსგავსია.
ფოთლის ქვედა მხარე მცირედ შებუსვილია, ზედა მხარე გლუვი, ფირფიტა ბრტყელი. გვხვდება ძაბრმაგვარი ღარისებრ მოხრილი ფოთლებიც. მთავარი ძარღვები ოდნავ შებუსვილია, ღია მწვანეა და ფუძესთან წითელ ღვინის ფერს იღებს.
ფოთლის ყუნწის შეფარდება შუა მთავარ ძარღვთან 0,8-1,0 უდრის. იგი შიშველია და ღია მწვანე. ხშირად წითელი ღვინის ფერი ხდება.
ყვავილი. ყვავილი ორსქესიანია. მტვრიანები და ბუტკო ნორმალურადაა განვითარებული. ყვავილში 5 მტვრიანაა, იშვიათად 4 და 6 მტვრიანაც გვხვდება. ყვავილების რიცხვი ყვავილედში 340-მდე აღწევს.მტევანი. მტევნის ყუნწის სიგრძე 2,5-4 სმ აღწევს. მტევნის სიგრძე 11-17 სმ, ხოლო სიგანე 5,5-8,5 სმ უდრის.
მტევანი საერთო მოყვანილობით ცილინდრულ-კონუსისებრია, გვხვდება ცილინდრული მტევნებიც. მტევანი საშუალო სიმკვრივისაა ან მკვრივი. მტევნის ყუნწი და კლერტი ბალახმაგვარია, ფერად ღია მწვანე.მარცვალი. მარცვლის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშითურთ 4-5 მმ აღწევს. იგი მწვანე ფერისაა. საჯდომი ბალიში დამეჭეჭებულია და განიერკონუსისებრი. მარცვალი საჯდომ ბალიშზე საკმაოდ მტკიცედაა მიმაგრებული.
მარცვალი თითქმის შავია; იგი საშუალოა ან საშუალოზე მსხვილი, რომლის სიგრძე საშუალოდ 16,5-20 მმ, ხოლო სიგანე 13,2-15,5 მმ აღწევს. ფორმით ოვალურია ან მოგრძო, შუა წელში უფრო განიერია, ბოლო მომრგვალებული აქვს და სიმეტრიულია. მარცვალი ნაკლებწვნიანია, მაგრამ ხორციანი და სასიამოვნო ტკბილი გემო აქვს. იგი სქელკანიანია, რომელიც ადვილად სცილდება რბილობს. მარცვალი საკმაოდ დაფარულია ცვილით.
წიპწა. მარცვალში 1-4 წიპწაა, უფრო ხშირად გვხვდება 2 წიპწა. წიპწის საშუალო სიგრძე 6,5- 7 მმ, სიგანე კი 3,5-4 მმ აღწევს. წიპწა ღია ყავისფერია და მოწითალო ელფერი დაჰკრავს, მუცლის მხარეს ღარების გასვწრივ კი მოყვითალო-ჩალისფერია. ქალაძა მოთავსებულია ზურგის მხარის თითქმის შუა ნაწილში, რომელიც ფორმით მოგრძო-ოვალურია, იშვიათად გვხვდება მომრგვალო და საკმაოდ გამოსახულიც. ნისკარტი მოყვითალოა და ხშირად მოწითალო ელფერი გადაჰკრავს. მისი სიგრძე 2 მმ აღწევს.
აგრობიოლოგიური დახასიათება
ფენოლოგიური დაკვირვებანი ცხენისძუძუს სავეგეტაციო ფაზების მსვლელობაზე წარმოებდა სოფ. ჩაოში (ხულოს რ-ნი), ვაიოში და ქედის საკოლექციო ნაკვეთზე (ქედის რ-ნი).
სოფ. ჩაო მდებარეობს ჩრდილო დაქანებაზე ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლეზე. ამ ზონაში გაზაფხული გვიან დგება და სწორედ ამით არის გამოწვეული პირველი ბიოფაზების დაგვიანებით დაწყება, ხოლო შემდგომ ფაზებში სითბოს მატებასთან ერთად მდგომარეობა სწორდება. ყურძენი შეთვალებას იწყებს აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის პირველ რიცხვებში, ხოლო მასობრივად ოქტომბრის მესამე დეკადაში მწიფდება.
სოფ. ვაიოს და ქედის ეკოლოგიური პირობები, აგრეთვე ადგილმდებარეობა სავსებით ხელსაყრელია მევენახეობისა და ხარისხოვანი მეღვინეობისა და განვითარებისათვის.
ცხენისძუძუს გაღვიძება ამ პირობებში მარტის დამლევს იწყება. ყურძენი შეთვალებას აგვისტოს ბოლოს, ხოლო მასობრივად დამწიფებას 20 ოქტომბრიდან იწყებს. ფოთოლცვენა ჩვეულებრივ ნოემბრის მეორე ნახევრიდან დეკემბრის პირველ რიცხვებამდე გრძელდება. მაღლარ ვაზებს ხშირად ფოთლები ნაადრევად სცვივა, რაც გამოწვეულია სოკოვან ავადმყოფობათა მოქმედებით. დაბლარ ვაზებზე (ქედის საკოლექციო ნაკვეთი) სათანადო მოვლის შედეგად ცხენისძუძუს სავეგეტაციო პერიოდი მნიშვნელოვნად გახანგრძლივებულია და უკანასკნელი ბიოფაზა ფოთოლცვენა ხშირად 4-6 დეკემბრამდე მიმდინარეობს.
შუა აჭარაში საკმაო სითბოსა და ტენის გავლენით ვაზის სავეგეტაციო პერიოდი მნიშვნელოვნად გახანგრძლივებულია. მიუხედავად ამისა ცხენისძუძუს როგორც მაღლარ, ისე დაბლარ ვაზებზე რქები სრულ მომწიფებას ყურძნის მასობრივი მწიფობის პერიოდში აღწევს და ამ დროისათვის ჯიშის დამახასიათებელ ელფერს იღებს. სოფ. ჩაოში კი (ზემო აჭარა) მაღლა მდებარეობისა და ვაზისთვის არახელსაყრელი ექსპოზიციის გამო (ჩრდილო დაქანება) რქები სრულ მომწიფებას აღწევს მხოლოდ ვაზის სავეგეტაციო პერიოდის დასასრულისათვის და ამ დროისათვის ჯიშისათვის დამახასიათებელი ფერისა ხდება.
ზოგ შემთხვევაში რქის წვერები ვერ ასწრებს სრულ მომწიფებას, რაც ძირითადად გამოწვეულია მოუვლელობით -ვაზების მაღლარად განვითარების გამო, რომლებიც ზამთრის ყინვების შედეგად ადვილად იღუპება.ვაზის ზრდა. ცხენისძუძუ თავის ზრდა-განვითარებით ძლიერ მოზარდ ვაზის ჯიშთა ჯგუფს ეკუთვნის. მაღლარ ვაზებზე ყოველგვარი მოვლის გარეშე, ცალკეული რქის სიგრძე ხშირად 3-3,5 მ-მდე აღწევს. უდავოა, რომ კულტურულ პირობებში ჩაყენებით ამ ჯიშის ზრდა-განვითარება კიდევ უფრო გაძლიერდება და მოსავლის ხარისხიც გაუმჯობესდება. ამის დამადასტურებელია სოფ. ქედის საკოლექციო ნაკვეთზე დაბლარად ფორმირებული ცხენისძუძუ, რომელიც ძლიერი ზრდა-განვითარებით უხვი მოსავლიანობითა და, რაც მთავარია, პროდუქციის მაღალი ღირსებით ხასიათდება.
მოსავლიანობა. მაღლარად გაზრდილი ცხენისძუძუს მოსავლიანობა ამჟამად მეტად ცვალებადია, რადგან მას არა აქვს სათანადო მოვლა და სოკოვან ავადმყოფობათა მოქმედებით ყურძენი მასობრივად ავადდება.იგი უხვ მოსავალს იძლევა მხოლოდ ზოგიერთ წელს (40-50 კგ), ხელსაყრელ ამინდის პირობებში. სათანადოდ მოვლილი დაბლარად ფორმირებული ცხენისძუძუ კი — სისტემატურად უხვ მოსავალს იძლევა, აქვს ჯიშისათვის დამახასიათებელი ტიპიური მტევნები და მეტად ლამაზი მარცვლები.
ქედის საკოლექციო ნაკვეთზე კი დაბლარად ფორმირებულ ვაზებზე მოსავლიანი ყლორტები 78% შეადგენს, ხოლო მოსავლიანობის კოეფიციენტი 1,8 უდრის.
როგორც მაღლარად, ისე დაბლარად ფორმირებულ ცხენისძუძუს რქაზე ხშირად ორი მტევანი უვითარდება, იშვიათად ერთი. მაღლარად ფორმირებული ვაზების მტევნის საშუალო წონა 123,5 გ აღწევს, ხოლო დაბლარზე სათანადო მოვლის შედეგად მტევნის საშუალო წონა მნიშვნელოვნად მატულობს და იგი 152,5 გ-მდე აღწევს.
როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ხელსაყრელ ამინდში ერთი ძირი მაღლარი ცხენისძუძუს მოსავალი 40-50 კგ-მდე აღწევს, რაც ჰექტარზე გადაყვანით შეადგენს 45-55 ცენტნერს. დაბლარად ფორმირებული სათანადოდ მოვლილი ვაზის მოსავალი 2,0-2,9 კგ უდრის, რაც ჰექტარზე გადაანგარიშებით 80-90 ცენტნერს უდრის.
დაკვირვება ცხადყოფს, რომ ცხენისძუძუს ქართული ცალმხრივი წესით (ერთ სანაყოფე-სამამულეზე) გასხვლა არ იძლევა მისი სრული დატვირთვის შესაძლებლობას. იგი როგორც ძლიერი მოზარდი ვაზი უფრო დიდ დატვირთვას მოითხოვს და ვაზზე 20-24 კვირტის დატოვება სავალდებულო ღონისძიებად უნდა იქნეს მიჩნეული. ამასთან ერთად აუცილებელია სამუშაო ოპერაციების დროულად და მაღალხარისხოვნად ჩატარება.
მოსავლის კიდევ უფრო გაზრდისა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მიზანშეწონილია აგრეთვე ცხენისძუძუს ფორმირება, ე.წ. კორდონისებრი წესით ორ მხარეზე, თითოეულ მათგანზე ორი საფორმო რგოლის შექმნით. ამ შემთხვევაში ვაზს უნდა მიეცეს ამაღლებული შტამბი და სიძლიერის შესაბამისად 36-40 კვირტით დაიტვირთოს. ასეთივე დატვირთვა შეიძლება მიეცეს ცხენისძუძუს ოლიხნარის ან ფორჩხისებრი წესით გაფორმების შემთხვევაში, ოღონდ აქ მავთულის ნაცვლად გამოყენებული უნდა იქნეს ამაღლებული შტამბიანი (1-1,5 მ) განტოტვილი დასაყრდენი და კვების არე გადიდებული იქნეს 6 კვად. მ-მდე.
მოხსენებული წესით გაფორმების შედეგად მოსავალი მკვეთრად გადიდდება პროდუქციის ხარისხის გაუარესებისა და ვაზის შესუსტების გარეშე.სოკოვან ავადმყოფობათა და მავნებელთა მიმართ გამძლეობა. ცხენისძუძუ სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ მეტად მგრძნობიარეა, განსაკუთრებთი კი ჭრაქისადმი. ამიტომ 1-2-ჯერ დამატებითი წამლობის ჩატარება ბორდოს ხსნარით, გამოხორბვლისა და მარცვლების განვითარების პერიოდში, სავალდებულო აგროღონისძიებად უნდა იქნეს მიჩნეული.
სპეციალური დაკვირვება ცხენისძუძუს ფილოქსერისადმი გამძლეობაზე არ წარმოებულა, მაგრამ საკუთარ ძირზე არსებული მაღლარი ვაზების განვითარებაზე მრავალი წლის დაკვირვებები ადასტურებს ამ ჯიშის ფილოქსერისადმი მეტად სუსტ გამძლეობას. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ცხენისძუძუს მრავალრიცხოვანი ნარგავებიდან ამჟამად მხოლოდ ერთეული ძირებია გადარჩენილი აჭარის მთისპირა მიკრორაიონებში და მათი მოსავალი და პროდუქციის ღირსება მთლიანად ამინდზეა დამოკიდებული.გარემო პირობებისადმი დამოკიდებულება.
დაკვირვება ცხადყოფს, რომ დაბლობ ტენიან ადგილებში, სადაც გრუნტის წყალი ახლოა ნიადაგის ზედაპირთან და ჰაერის შეფარდებითი ტენიანობაც მაღალია, ცხენისძუძუ დაბალი ღირსების პროდუქციას იძლევა, რადგან მარცვალში წყალი ჭარბად გროვდება და ამით მცირდება ყურძნის გემური თვისებები. ასეთ ადგილებში სოკოვან ავადმყოფობათა მოქმედებაც უფრო გაძლიერებულია.
მოსავლის გადიდებისა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს ცხენისძუძუს გაშენება სამხრეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაქანებულ და მზით უხვად განათებულ ფერდობებზე. ამ შემთხვევაში პროდუქციის გემური თვისებების გაუმჯობესებასთან ერთად მკვეთრად უმჯობესდება ყურძნის ტრანსპორტაბელობა და შენახვის უნარი. არახელსაყრელი ამინდის დროს ჯიში ყვავილცვენას განიცდის, რაც 10%-მდე აღწევს. მტევანში წვრილი მარცვლების რაოდენობა 7-დან 10%-მდე მერყეობს.
აჭარაში ზამთრის ყინვებისა (-8º, -10º და ზოგჯერ -12º) და გაზაფხულის წაყინვების მოქმედება უმნიშვნელოა. ვაზი დროულად იღვიძებს და ვეგეტატიური ნაწილების განვითარება სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში სავსებით ნორმალურად მიმდინარეობს.
სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება
სამეურნეო დანიშნულებით აჭარული ცხენისძუძუ მაღალხარისხოვან სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. იგი იძლევა უხვ მოსავალს, აქვს ლამაზი მტევნები და საკმაოდ მაღალი გემური თვისებების მარცვლები. მზით უხვად განათებულ ფერდობ ადგილებზე მისი გემური თვისებები სავსებით დამაკმაყოფილებელია.
მექანიკურ-ქიმიური ანალიზისათვის ყურძნის ნიმუშები აღებულ იქნა სოფ. ჩაოში (ხულოს რ-ნი), ვაიოში და ქედის საკოლექციო ნაკვეთიდან (ქედის რ-ნი) (იხ. ცხრ. 3).
მაღლარად ფორმირებული ცხენისძუძუს მტევნის შედგენილობა, როგორც მე-3 ცხრილის მონაცემებიდან ჩანს შემდეგია: მარცვალი 94,0-95,4%, კლერტი — 4,5-5,5%, კანი — 22,0-22,9%, წიპწა — 5,1-5,4%, ხოლო წვენი 69,8-70,1% შეადგენს. მცირედ მაგრამ მაინც განსხვავებულია დაბლარად ფორმირებული ცხენისძუძუს მტევნის შედგენილობა: მარცვალი 94,2%, კლერტი — 5,2%, კანი 22,5%, წიპწა -5,4%, ხოლო წვენი-71,4% უდრის. ამრიგად, ნარჩენები კლერტის, ჩენჩოსა და წიპწის სახით 28,6-29,9% შეადგენს. დიდი მტევნის წონა მაღლარზე 180-185 გ, მცირესი კი 90-95 გ უდრის. დაბლარი ვაზის დიდი მტევნის წონა 270 გ, ხოლო მცირესი 110 გ აღწევს. მტევანზე მარცვლების რაოდენობა მერყეობს 47-დან 80-მდე, საშუალოდ კი 54 უდრის. საშუალო მტევანში წვრილი მარცვლების რაოდენობა 13-15 აღწევს. წვრილი მარცვლები ნორმალურ მარცვლებთან ერთად მწიფდება და ხშირ შემთხვევაში უწიპწოა.
100 მარცვლის წონა 212-224 გ აღწევს, ხოლო საშუალოდ 217 გ უდრის. 100 მარცვალში 203 წიპწაა, წონით 10,2 გ ერთწიპწიანი — მარცვლები 29%, ორწიპწიანი — 45%, სამწიპწიანი — 20% და ოთხიპწიანი 6% შეადგენს.
ყურძნის დაგვიანებით დაკრეფის მიუხედავად შაქრის შეცულობა საანალიზო ნიმუშებში არ არის დიდი, რაც ყურძნის მწიფობის პერიოდში ჰიდროთერმული კოეფიციენტის გაზრდის შედეგია. ყოველ შემთხვევაში, წარმოდგენილ ნიმუშებში შაქრიანობა-მჟავიანობის შეფარდება სავსებით საკმაოდ უნდა ჩაითვალოს ხარისხოვანი სუფრის ყურძნისათვის. ეჭვს გარეშეა, რომ სათანადო ექსპოზიციის შერჩევითა და სამუშაო ოპერაციების დროულად და მაღალხარისხოვნად ჩატარებით მნიშვნელოვნად გაიზრდება მოსავალი და გაუმჯობესდება პროდუქციის ღირსება.
ვაზზე დატოვებული ყურძენი დაუჭკნობლად იანვრამდე ძლებს, შემდეგ კი იგი ჭკნება, დაკრეფილი ყურძენი გაზაფხულამდე ინახება.
საერთო შეფასება და დარაიონება
ყურძნის მაღალი გემური თვისებების, კარგ რბილობიან და მცირეწვნიან მარცვლის, ლამაზი აღნაგობის მტევნებისა და მოგრძო ლამაზი მარცვლების მიხედვით აჭარის ცხენისძუძუ ხარისხოვანი სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. გარდა ამისა ეკოლოგიური პირობების მიმართ იგი არ იჩენს განსაკუთრებულ მგრძნობიარობას და თუ სათანადოდ იქნა მოვლილი, ძლიერ იზრდება და უხვ მოსავალს იძლევა.
ადგილობრივი მოსახლეობისა და აგრეთვე აჭარის კურორტების სუფრის ყურძნით უზრუნველსაყოფად ცხენისძუძუ ფართოდ უნდა გავრცელდეს შუა და ზემო აჭარაში. მომავალში მისი გაშენება უნდა წარმოებდეს ნამყენების სახით სათანადოდ შერჩეულ ფილოქსერაგამძლე ვაზის საძირეებზე.
ჩერგვალი (თეთრი მრგვალი) — ქართული ვაზი — სამეგრელო

ჩერგვალი მეგრული სიტყვაა და თეთრ მრგვალს-ნიშნავს. სამეურნეო დანიშნულებით სუფრის ყურძნის ჯიშია, თუმცა მისი პროდუქცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადგილობრივი მნიშვნელობის ორდინარული ტიპის ღვინოების დასაყენებლადაც. ჩერგვალის მოკლე აღწერა მოცემულია აკად. ივ. ჯავახიშვილის და ერ. ნაკაშიძის შრომებში. პროფ. ს. ჩოლოყაშვილის მიხედვით ჩერგვალი სამეგრელოს სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება.
სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის გავრცელებამდე, ჩერგვალი მაღლარად ყოფილა გაშენებული სამეგრელოს მთისპირა სოფლებში (სოფ. ფოცხო, უშაფათი, თამაკონი, სალხინო, წალენჯიხა და სხვ.). ფართო გავრცელება ამ ჯიშს წარსულში არ ჰქონია, იგი მეტწილად სხვა აგილობრივ ჯიშებთან მინარევის სახით ყოფილა წარმოდგენილი. ამ ჯიშს ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად ყურძნად იყენებდა, ზოგ შემთხვევაში კი მისგან ღვინოსაც აყენებდნენ. ჩერგვალი შესწავლილია გეგეჭკორის რაიონის სოფ. სალხინოს ზონაში.
მრავალი წლის განმავლობაში წარმოებული დაკვირვებით დადასტურდა, რომ იგი თავისი მორფოლოგიური და ბიოლოგიური ნიშან_თვისებებით შავი ზღვის აუზის ვაზის ჯიშების ეკოლოგიურ_გეოგრაფიულ ჯგუფს მიეკუთვნება.Prol. pontica subprol. Georgica Negr. ამის დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ ჯიშს ახასიათებს ხანგრძლივი სავეგეტაციო პერიოდი და ყურძნის გვიან დამწიფება, რაც სამეგრელოს ეკოლოგიურ პირობებთან შეხამების შედეგია.
ჩერგვალის ვაზის ზრდის სიძლიერე, ფოთლის სისქე და შებუსვის ინტენსივობა, ყლორტის შებუსვა, ყვავილის ტიპი, მტევნისა და მარცვლის აღნაგობა, კანის სისქე და წიპწის აღნაგობა, აგრეთვე წმინდა მეგრული სახელწოდება ჩერგვალი, ე.ი. თეთრი მრგვალი მის აბორიგენობას ადასტურებს. მარცვლის ფორმის მიხედვით შერქმეულ სახელს საქართველოში მრავალი ჯიში ატარებს, რომლებიც როგორც აბორიგენები, ცალკეულ ენდემურ ჯგუფებშია გაერთიანებული.
ასე, მაგალითად, ცნობილია მრგვალ-ყურძენა (კახეთი), თითა ყურძენი (კახეთი, ქართლი), ცხენისძუძუ (კახეთი, მესხეთი, აჭარა, აფხაზეთი), ჩეჭიფეში, ე.ი. `თეთრი წვრილი (სამეგრელო) და სხვ. დასახელებული ჯიშებისაგან ჩერგვალი სრულიად განსხვავდება თავისი ამპელოგრაფიული ნიშნებით და სამეურნო ღირებულებით და, ამრიგად, იგი დამოუკიდებელ ჯიშს წარმოადგენს. არსებულ ლიტერატურულ წყაროებში ჩერგვალი საქართველოს რესპუბლიკის გარეთ არსად არ არის მოხსენებული. თვით საქართველოს ფარგლებშიაც მისი გავრცელების არეალი მხოლოდ სამეგრელოს ტერიტორიით იფარგლება.
ამჟამად ჩერგვალის მაღლარები თითქმის განადგურებულია და მხოლოდ თითო_ოროლა ძირია გადარჩენილი სამეგრელოს ზოგიერთ სოფელში (ფოცხო, უშაფათი, სალხინო, თამაკონი). ვაზების ზრდა_განვითარება ძალიან შეფერხებულია და სოკოვან ავადმყოფობათა მოქმედების გამო პროდუქციის ხარისხიც დაბალია.
ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში ჩერგვალი საკმაოდ უხვმოსავლიანია. ბარაქიანი მტევნები და საკმაოდ მაღალი გემური თვისებების მსხვილი, ლამაზი მარცვლები აქვს. დაბლარად ნამყენების სახით, ამ ჯიშის მცირეოდენი ნარგავები წარმოდგენილია სოფ. სალხინოში (გეგეჭკორის რ_ნი). ვაზები სათანადოდაა მოვლილი და როგორც მათი ზრდა-განვითარება, ისე მოსავალი და პროდუქციის ხარისხიც სავსებით დამაკმაყოფილებელია.
ბოტანიკური აღწერა
ჩერგვალი აღწერილია სოფ. სალხინოში (გეგეჭკორის რ_ნი). ვაზები დამყნობილია რიპარიაXრუპესტრის 3306_ზე და ფორმირებულია დაბლარად, ქართული წესით. ახალგაზრდა ყლორტი. ზრდის კონუსი ღია მოწითალოა და საკმაოდ სქლადაა დაფარული მოთეთრო ბეწვისებრი ბუსუსით. ღია მწვანე ყლორტი მრგვალია და თეთრი-მონაცრისფრო ბუსუსითაა დაფარული. შებუსვა უფრო მატულობს ყლორტის წვერისაკენ. ერთწლიანი რქა მრგვალია და საშუალო სიმსხოსი. იგი მოწითალო-ყავისფერია. მუხლები უფრო მუქადაა შეფერილი. მუხლთაშორისის სიგრძე 8-13 სმ აღწევს.
ფოთოლი. ზრდადამთავრებული ფოთოლი საშუალო სიდიდისაა და საერთო მოყვანილობით თითქმის ოვალურია. მისი საშუალო სიგრძე 16,7 სმ, ხოლო სიგანე 15,8 სმ აღწევს. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი უფრო ხშირად ჩანგისებრია, სამი ძარღვისაგან შედგება და მომრგვალო ფუძე აქვს. გვხვდება ვიწრო-ელიფსური მოყვანილობის ამონაკვეთიც, გაშლილი ან ოდნავ მიახლოებული ნაკვთებით. ზედა ამონაკვეთი ღიაა და კვერცხისებრი მოყვანილობისაა, მომრგვალო ან წამახვილებული ფუძით.
გვხვდება აგრევე ღია ვიწრო ნასვრეტისებრი მცირე ან საკმაოდ ჩაჭრილი ამონაკვეთიც ფუძეზე განვითარებული ერთი კბილით. ქვედა ამონაკვეთი ძლიერ მცირედაა ჩაჭრილი, იშვიათ შემთხვევაში ღია ნასვრეტისებრიცაა. ფოთოლი სამნაკვთიანია, უფრო იშვიათად ხუთნაკვთიანიც გვხვდება. წვერის ნაკვთი ფოთლის ფირფიტასთან ბლაგვ კუთხეს ქმნის, იშვიათად-სწორსაც.
ნაკვთების წვერის კბილები უფრო ხშირად სამკუთხედისებრია, ამოზნექილი გვერდებით და წამახვილებული ან მომრგვალო წვერით. გვხვდება ხერხკბილისებრი, ცალხმრივ ამოზნექილგვერდიანი კბილებიც. გარეგნობით მეორეული კბილები მთავარი კბილების მსგავსია.
ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა ქეჩისებრია. ბუსუსი მონაცრისფროა და ბეწვისებრი. ფოთლის ზედა მხარე ბადისებრ დანაოჭებულია. ფირფიტის ზედაპირი ბრტყელია. მთავარი ძარღვები სუსტადაა შებუსვილი და ღია მწვანეა, ხოლო ფუძესთან იისფერი ხდება.
ფოთლის ყუნწის შეფარდება შუა მთავარ ძარღვთან 0,6_0,9 უდრის, ყუნწი შიშველი და მომწვანო-მოწითალოა. ყვავილი. ყვავილი ორსქესიანია და ნორმალურად განვითარებული ბუტკო და მტვრიანები აქვს. ყვავილში ხშირად 5 მტვრიანაა, იშვიათად 4 და 6. ყვავილედში ყვავილების რიცხვი 130_140 აღწევს.მტევანი. მტევნის ყუნწის სიგრძე 4_5 სმ აღწევს. მტევნის სიგრძე 11_16 სმ, ხოლო სიგანე 6,5_10 სმ უდრის. მარცვლების რაოდენობა მტევანში მერყეობს 35_დან 60_მდე.
მტევნის საერთო ფორმა ცილინდრული ან ცილინდრულ_კონუსისებრია. ახასიათებს განტოტვა, ტოტის სიგრძე მტევნის სიგრძის ორ-მესამედს უდრის. მტევანი საშუალო სიმკვრივისაა. მტევნის ყუნწი და კლერტი ბალახისებრია, ფერად მუქი მწვანე.მარცვალი. მარცვლის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშითურთ 7_9 მმ აღწევს. იგი ფერად მწვანეა. საჯდომი ბალიში დამეჭეჭებული და განიერ კონუსისებრია. მარცვალი საჯდომ ბალიშზე საკმაოდ მტკიცედაა მიმაგრებული.
მარცვალი ღია მწვანეა საკმაოდ მსხვილი და მომრგვალო. მისი სიგრძე 16,5_22 მმ, ხოლო სიგანე 16,2_21,5 მმ უდრის. მარცვალი შუა წელში განიერია, ოლო მომრგვალებული აქვს და სიმეტრიულია. იგი სქელკანიანი, საკმაოდ ხორციანი, წვნიანია და ჩვეულებრივი ტკბილი გემო აქვს. მარცვლის კანი ოდნავ დაფარულია ცვილით.
წიპწა. მარცვალში 1_3 წიპწაა. უფრო ხშირად გვხვდება 1 წიპწა. ყოველ 100 მარცვალში 140_145 წიპწაა. წიპწის სიგრძე 6,5_7 მმ, სიგანე _ 3_3,5 მმ აღწევს. ფერი მოყავისფრო აქვს. ქალაძა თითქმის მომრგვალოა. მისი ზურგის მხარე გლუვია. ნისკარტის სიგრძე 1,5_2 მმ უდრის.
აგრობიოლოგიური დახასიათება
ჩერგვალის ბიოლოგიური ფაზების მსვლელობის და აგრობიოლოგიური ნიშნების შესასწავლად დაკვირვება (სამი წლის განმავლობაში) წარმოებდა სოფ. სალხინოში.
აღნიშნულ ზონაში ჩერგვალის გაღვიძება იწყება მარტის დამლევს, კვირტების გამოფურჩქვნა _ აპრილის პირველ დეკადაში; ვაზი ყვავილობს 5_6 ივნისიდან და ხელსაყრელი ამინდის პირობბეში 17_18 ივნისისათვის მთავრდება. ყურძნის შეთვალება იწყება სექტემბრის დამდეგს, ხოლო მასობრივი მწიფობა ოქტომბრის დამლევიდან. ფოთოლცვენა ჩვეულებრივ იწყება ნოემბრის შუა რიცხვებიდან და დეკემბრის პირველ დეკადაში მთავრდება. ამრიგად, ჩერგვალი მომწიფების პერიოდისა და ვეგეტაციის ხანგრძლიობის მიხედვით საგვიანო ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება.
ვაზის ზრდა. ვეგეტატიური ნაწილების განვითარების მიხედვით ჩერგვალი საშუალოზე ძლიერი ან ძლიერი ზრდით ხასიათდება. სავეგეტაციო პერიოდის დასასრულისათვის დაბლარად ფორმირებულ ვაზებზე რქების სიგრძე ხშირად 2_2,5 მ_მდე აღწევს. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდისათვის რქები სრულ მომწიფებას ასწრებს და ჯიშის დამახასიათებელ ელფერს იღებს.
ამავე ზონაში მაღლარად ფორმირებული ჩერგვალის განვითარება საშუალოზე მცირე ან მცირეა, რაც მოუვლელობის გამო ვეგეტატიური მასის ჭრაქითა და ნაცრით მასობრივად დაავდებისა და ფილოქსერის უარყოფითი მოქმედების შედეგია. აღნიშნულის გამო მომწიფებას ასწრებს მხოლოდ რქების ბაზალური ნაწილები, დანარჩენი მასა მოუმწიფებელი რჩება და ზამთრის ყინვებისაგან მასობრივად ზიანდება.
მოსავლიანობა. როგორც აღნიშნული იყო, ტექნიკური სიძნელეების გამო ჩერგვალის მაღლარი ვაზების მოვლა არ წარმოებს. მხოლოდ 3_4 წელში ერთხელ აწარმოებენ საყრდენის ტოტების დაკვეცას და ვაზის ხმელი ნაწილების გამოცლას, რის გამოც მისი მოსავალი მეტად ცვალებადია. ხოლო ხელსაყრელი ამინდის შემთხვევაში იძლევა იგი მოსავალს და ამ დროსაც მეჩხერსა და მცირე ზომის მტევნებს ისხამს. დაბლარად ფორმირებული ვაზები ნორმალური ზრდა_განვითარებით ხასიათდება და რეგულარულ მოსავალსაც იძლევა. სათანადო მოვლის შედეგად ვაზზე ვითარდება ტიპიური მტევნები და მარცვლები.
მოსავლის პირველ ნიშანს ვაზი იძლევა დარგვიდან მეორე წელს, უფრო ხშირად კი მესამე წელს, ხოლო სრულ მოსავალს _ მე_4, მე_5 წლიდან. დაბლარად და ქართული წესით ფორმირებისას 10_12 კვირტით დატვირთვის შემთხვევაში ერთი ძირი ვაზის მოსავალი საშუალოდ 2_2,5 კგ აღწევს. მსხმოიარობის კოეფიციენტი 1,4 უდრის. ამრიგად, ჩერგვალი საშუალო მოსავლიან ვაზის ჯიშთა ჯგუფს განეკუთვნება. ეჭვს გარეშეა, რომ ვაზის უფრო მეტად დატვირთვის შემთხვევაში მისი მოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება, მით უმეტეს, რომ ვაზის ზრდა_განვითარება ამის სრულ შესაძლებლობას იძლევა.
ამ მიზნით ჩერგვალისათვის გამოყენებული უნდა იქნეს თავისუფალი წესით ფორმირება 30_32 კვირტამდე დატვირთვით.
დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ძლიერ მოზარდი ჯიშების ამ წესით ფორმირებამ სავსებით გაამართლა იმედები. ჯიშის გავრცელების რაიონებში ვაზებს აუცილებლად უნდა მიეცეს ამაღლებული შტამბი, რათა მზის სხივებისა და აერაციის გაძლიერებული მოქმედებით მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი სოკოვან ავადმყოფობათა მოქმედება, რითაც კიდევ უფრო გაუმჯობესდება პროდუქციის ღირსება.
სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება
ჩერგვალის სამეურნეო თვისებათა შესასწავლად სოფ. სალხინოს ზონაში ჩატარებულმა დაკვირვებამ ცხადყო ამ ჯიშის ძირითადად სუფრის ყურძნად გამოყენების მიზანშეწონილობა. პროდუქციის ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები მიგვითითებს აგრეთვე მისი ღვინოდ გამოყენების შესაძლებლობაზედაც.
დიდი მტევნის წონა 192,5 გ, მცირესი 85 გ, ხოლო საშუალო მტევნისა _ 135,5 გ უდრის. საშუალო მტევანში მარცვლები 94,7%, კლერტი _ 5,1%, კანი _ 17,0%, წიპწა _ 5,2% შეადგენს, ხოლო წვენის გამოსავალი 71,5% აღწევს.
100 მარცვლის საშუალო წონა 178,3 გ უდრის. 100 მარცვალში 140_145 წიპწაა, მათი საერთო წონა 6,0 გ უდრის. აქედან, ერთწიპწიანი მარცვლები შეადგენს 41%, ორწიპწიანი _ 36 და სამწიპწიანი _ 23%.
სალხინოს ზონაში სრული სიმწიფის პერიოდში ყურძნის შაქრიანობა 18_19%, ხოლო საერთო მჟავიანობა 8,5_9,1 აღწევს.
საერთო შეფასება და დარაიონება
სამეურნეო დანიშნულებით ჩერგვალი სამეგრელოს ეკოლოგიური პირობებისათვის პერსპექტიულ სუფრის ყურძნის ჯიშს წარმოადგენს, რადგან იგი მრავალ საუუნეთა განმავლობაში აღზრდილი და აკლიმატიზებულია ამ მხარის პირობებში. ამავე დროს იგი ხასიათდება ძლიერი ზრდა_განვითარებით, საკმაოდ უხვი მოსავლიანობით და, რაც მთავარია, სუფრის ყურძნის ჯიშისათვის დამახასიათებელი ლამაზი აღნაგობის მტევნები და მსხვილი, ხორციანი, ლამაზად შეფერილი მარცვლები აქვს.
ჩერგვალის ყურძენი ვაზზე დატოვებული დაუჭკნობლად დეკემბრის ბოლომდე ძლებს, ხოლო დაკრეფილი კარგად ინახება მთელი ზამთრის განმავლობაში. იგი ტრანსპორტსაც კარგად იტანს.
მისი პროდუქცია შეიძლება გამოყენებული იქნეს აგრეთვე ადგილობრივი მოსახმარებელი ორდინარული ღვინოების დასაყენებლად.
ჩერგვალი სამეგრელოს რაიონებში მომავალში უნდა გავრცელდეს მხოლოდ და მხოლოდ სუფრის ყურძნად გამოყენების მიზნით და იგი ფართოდ უნდა დაინერგოს ამ მხარის მთისპირა ზონაში.
დასახელებულ ზონაში ჩერგვალი უნდა გაშენდეს დაბლარად, სათანადოდ შერჩეულ ფილოქსერაგამძლე საძირეებზე დამყნობილი და ეკოლოგიური პირობების შესაბამისად ვაზს 60_70 სმ_მდე სიმაღლის შტამბი უნდა მიეცეს.
კაბისტონი შავი — ქართული ვაზის ჯიში — რაჭა
შავი კაბისტონი ადგილობრივი რაჭული ვაზის ჯიშია, გავრცელებულია ხშირად ნარევის სახით ჯიშ ალექსანდროულის ვენახებში, ცალკე ნარგავები იშვიათად გვხვდება. მისგან ამზადებენ ბუნებრივად ნახევრადტკბილ და სუფრის წითელ ღვინოს.
ადგილობრივ მევენახეთა შორის რაჭის ზოგიერთ სოფლებში შავი კაბისტონი ცნობილია აგრეთვე: კაბიშტონის, ძველი შავი კაბისტონის, რგვალი კაბისტონის სახელწოდებით, ხოლო თეთრი კაპისტონი, გაღმოური კაბისტონი და წიწილიანი კაბისტონი შავი კაბისტონისაგან განსხვავებული ცალკე ჯიშებია.
შავი კაბისტონი სიმწიფის მესამე პერიოდის ვაზის ჯიშია. იგი წარმოქმნილია ადგილობრივი კლტურული ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოშობის კოლხეთის კერიდან. თავისი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებებით იგი არ განსხვავდება prol. pontica Negrul.-ის ვაზის ჯიშების ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს.
ჯიშის წარმოშობის ადგილისა და დროის შესახებ ზუსტი ცნობები არ მოიპოვება. ჯიშის სახელწოდების ენობრივ ანალიზზე დაყრდნობით აკად. ივ. ჯავახიშვილს ჯიშის სახელწოდება კაბისტონი-სოფლის სახელწოდებად გამოყავს, აღნიშნულის შესახებ იგი წერს: პროფ. არნ. ჩიქობავას ცნობით, აფხაზეთში ეშერას თემში სოფელ ფშალთელუღში გადმოსახლებული ლაზების სიტყვით კაბისტონა არქაბეს სანახებში მდებარე სოფელი ყოფილა.
კაბისტონელი — ჭანურად ვაპისტონარი იქნება და სწორედ ამის ბოლო მოკვეცილ ფორმას წარმოადგენს ყურძნის ჯიშის სახელი კაბისტონიც, მაშასადამე, ის ჭანური ჯიში ყოფილა. შემდეგ ამისა აკად. ივ. ჯავახიშვილს მოჰყავს შავი კაბისტონის მოკლე დახასიათება ვლ. ფოფხაძის და ს. თომაძისა, რომელთა მიხედვით შავმა კაბისტონმა მრგვალი ბიბილო იცისო, ხოლო ბიბილო ანუ ბიმბილი რაჭაში ყურძნის მარცვალსა ნიშნავსო, ეს ჯიში ღვინოდაც კარგია და ყურძნადაც, მაგრამ მის მოშენებას არ მისდევენო.
აღნიშნულ მონაცემების მიხედვით შავი კაბისტონი საკმაოდ ცნობილი ჯიში ყოფილა დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რაიონებში, რაც მის საკმაო ხნიერებას მოწმობს. შავი კაბისტონი გავრცელებულია ძირითადად რაჭა-ლეჩხუმში, მცირე რაოდენობით იგი გვხვდება აგრეთვე ზემო იმერეთში, ქართლსა და სამხრეთ ოსეთში. მთელი მისი ფართობი საქართველოში არ აღემატება 71 ჰექტარს, რომლიდანაც 70,30 ჰექტარი რაჭა-ლეჩხუმზე მოდის.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ონის რაიონში კაბისტონი გავრცელებულია ძირითადად ნარევის სახით, იშვიათად იგი გვხვდება აგრეთვე წმინდა ნარგავების სახითაც. ამბროლაურის რაიონში უფრო ხშირად შავი კაბისტონი გვხვდება ალექსანდროულის ვენახებში მუჯურეთულთან ერთად ნარევის სახით. მცირე რაოდენობით შავი კაბისტონი გვხვდება აგრეთვე ზემო იმერეთში, ძირითადად საჩხერისა და ჭიათურის რაიონში, ერთეული ძირების სახით. ზემო იმერეთში შავი კაბისტონი რაჭიდან უნდა იყოს შემოტანილი.
ბოტანიკური აღწერა
ვენახი გაშენებულია ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაქანებულ ფერდობზე, 562,3 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ვენახი სარმავთულზეა გამართული, გასხლულია ორმხრიანი შპალერის წესით, ორი საკავებლის და ორი ნეკის დატოვებით. კვების არე 3,0 კვ.მ უდრის. ვაზები დამყნობილია რუპესტრის დულოზე.
ახალგაზრდა ყლორტი. მოზარდი 15-20 სმ სიგრძის ყლორტის გვირგვინი და პირველი ორი ფოთოლაკი შებუსვილია საკმაო სქელი ქეჩისებრი აბლაბუდით და შეფერილია თეთრად, ფოთოლაკების ქვედა მხარე უფრო ინტენსიურადაა შებუსვილი. გვირგვინსა და ფოთოლაკებს ირგვლივ ღია ვარდისფერი გადაჰკრავს. მეორე იარუსის (3-5) ფოთლის შებუსვა ზედა მხრიდან კლებულობს, რის გამო ფოთლები მომწვანო-ყვითელი ხდება, ხოლო ქვედა მხრიდან ინარჩუნებს ქეჩისებრ შებუსვას და მოვერცხლისფრო თეთრ ფერს.
ერთწლიანი ნაზარდი. კარგად შემოსული ერთწლიანი რქები შემოდგომით მოყავისფრო ყვითელია. მუხლთშორისების სიგრძე 4-დან 9 სმ-მდე მერყეობს. ხოლო მათი საშუალო სიგრძე 6-7 სმ უდრის. მუხლები უფრო მუქადაა შეფერილი, ვიდრე მუხლთშორისები. მუხლთშორისების გასწვრივ შესამჩნევია ვიწრო, მორუხო ფერის ზოლები.
ფოთოლი. შუა იარუსის ზრდადამთავრებული ფოთლები საშუალო სიდიდისაა, მათი სიგრძე საშუალოდ 16-დან 19 სმ-მდე მერყეობს, ხოლო განი 16-დან 19,5 სმ-მდე, ფოთოლი მრგვალი მოხაზულობისაა ან ოდნავ განიერ ოვალურია. ფოთლის ფირფიტა მუქი მწვანე ფერისაა და უფრო ხშირად სამნაკვეთიანია, იშვიათად გვხვდება ხუთნაკვთიანი ფოთლებიც. ფოთლის შუა ნაკვთის კუთხე უფრო ხშირად ბლაგვია, იშვიათად გვხვდება სწორკუთხიანებიც. ფოთლის ზედაპირი სწორია ან ოდნავ ბადისებრ დანაოჭებული, მისი ფირფიტა უწესოდ მიხრილ-მოხრილია, ხშირად ქვედა ნაკვთების ზევით ამოწევის გამო ფოთოლი ძაბრისებურ ფორმას იღებს.
ზედა ამონაკვეთები საშუალო სიღრმისაა, რომელთა ფორმა საგრძნობლად ცვალებადობს. უფრო ხშირად ამონაკვეთები დახურულია, განიერ ელიფსური ან მომრგვალო თვლიანია. ამონაკვეთების ფუძე, ბრტყელი ან მომრგვალო, იშვიათად ცალკბილიანია. გვხვდება აგრეთვე ღია, ოდნავ შესამჩნევი ან ვიწრო ყელიანი ჩანგისებრი ფორმის ამონაკვეთებიც.
ქვედა ამონაკვეთები უფრო ხშირად ზეზეურებია, ხანდახან ისინი სულ არ ვითარდება. ამონაკვთების ფორმა ხშირად ღიაა, იგი პარალელურგვერდებიანი ჩანგისმაგვარი ან შეჭრილი კუთხისებრია, იშვიათად ნაპრალისებრი ფორმის ამონაკვეთებიც გვხვდება.
ყუნწის ამონაკვეთი უფრო ხშირად დახურულია, ფორმით ვიწრო ელიფსურთვლიანია ან თვალი კვერცხისმგავარი ფორმისაა. იშვიათად ყუნწის ამონაკვეთი დეზიანია, კიდევ უფრო იშვიათად გვხვდება აგრეთვე ღია ჩანგისებრი ფორმის მრგვალფუძიანი ამონაკვეთები.
ფოთლის მთავარი ძარღვები ბოლოვდება გამოწეულგვერდებიანი სამკუთხედისებრი კბილებით, ხოლო გვერდითი ძარღვები ცალგვერდგამოწეულ სამკუთხედისებრი ფორმის კბილებით. ფოთლის ქვედა მხარე შებუსვილია საკმაოდ სქელი აბლაბუდით, რომლის ქვეშ მოფენილია სწორმდგომი ჯაგრისებრი ბუსუსი. ორივე ერთად ქმნის სქელ შებუსვას. ყუნწის სიგრძე უდრის ან ოდნავ მოკლეა ფოთლის შუა ძარღვზე, იგი ღია მწვანეა და შებუსვილია სუსტად ფიფქისებრი აბლაბუდით.
ყვავილი. ყვავილი ნორმალური აგებულების, ორსქესიანია. ყვავილში 5-6 მტვრიანაა. მტვრიანების ძაფების შეფარდება ბუტკოს სიმაღლესთან 1,25-1,75მ-დე მერყეობს, უფრო ხშიარდ ეს შეფარდება 1,50 უდრის. ბუტკო ვიწრო კონუსისებრი ფორმისაა, კარგად გამოსახული სვეტით (ყელით) და ხშირად ორად გაყოფილი დინგით.
მტევანი. მტევნები საშუალო სიდიდისაა, მათი სიგრძე 10-დან 18 სმ-მდე, ხოლო განი 5-დან 8 სმ-მდე მერყეობს. საშუალო მტევნის სიგრძე-სიგანე უდრის 16X6 სმ. მტევნების ფორმა ვიწრო კონუსისებრი ან ცილინდრულ-კონუსისებრია, ხშირად მტევნები მხრიანია, მხარის სიგრძე ზოგჯერ ძირითად მტევნის სიგრძის ნახევარს აღწევს. დიდ მტევანში 140-160 მარცვალია, საშუალოში კი 60-80. მტევანი საშუალო სიმკვრივისაა, იშვიათად იგი მეჩხერია (თხელი).
ჯიშს მტევნის წვრილმარცვლიანობა არ ახასიათებს. მტევნის ყუნწი ფუძესთან გახევებულია და რქის ფერი. ყუნწის სიგრძე მერყეობს 4,5-5,5 სმ-მდე, _ საშუალოდ იგი 4,0-4,5 სმ უდრის. მარცვლის ყუნწი მწვანეა, სიგრძით 5-6 მმ. ყუნწის ბალიში განიერი ან იშვიათად ვიწრო კონუსისებრი ფორმისაა. მარცვლის ყუნწი და ბალიში დაფარულია ხორკლებით. მარცვლების მიმაგრება ყუნწზე დამაკმაყოფილებელია, მარცვალი ადვილად არ წყდება ყუნწს.
მარცვალი. მარცვალი საშუალო ზომისაა. მარცვლების სიგრძე 1,4-დან 1,7 სმ-მდე, ხოლო განი 1,3-დან 1,6 სმ-მდე მერყეობს. საშუალო მარცვლის სიგრძე-სიგანე 1,5X1,4 სმ უდრის,. მარცვალი მომრგვალოა, იშვიათად გვხვდება ოდნავ ოვალურიც. მარცვალი შუაში განიერია, ბოლო მომრგვალებული აქვს. მარცვლის შეფერვა მუქი წითელია, სრულ სიმწიფეში იგი თითქმის შავია. მტევანში მარცვლები არათანაბრადაა შეფერილი _ მუქ წითელ მარცვლებთან ერთად შავი და ღია ვარსდიფერი მარცვლებიც გვხვდება.
მარცვლის კანი დაფარულია საკმაო სქელი ცვილისებრი ფიფქით, რომელიც მას იისფერ იერს აძლევს, იგი თხელი, მაგრამ საკმაოდ მკვრივია, რბილობი წვნიანი ოდნავ მკვირივი. წიპწები ადვილად არ ეცლება რბილობს. წვენი უფერული, სასიამოვნო ტკბილი. ჯიშური არომატი ძლიერ სუსტად აქვს გამოსახული. კახეთში მისი მარცვალი ადვილად ჩამიჩდება.
წიპწა. მარცვალში უფრო ხშირად 2 ან 3 წიპწაა, იშვიათად ერთი და ოთხი. საშუალოდ მარცვალზე 2,8 წიპწა მოდის. წიპწის მომრგვალო-ოვალური სხეული მიხაკისფერია, მუცლის მხარეზე ღარების ფუძე და ნისკარტი მომწვანო-ყვითელია. წიპწის სიგრძე 6-7 მმ, ხოლო განი _ 4-5 მმ უდრის, ნისკარტისა კი 1,0-1,5 მმ-მდე აღწევს.
ქალაძა სხეულის შუა ნაწილში მდებარეობს, იგი ოვალური ფორმისაა, მისი ზედაპირი ბრტყელი ან ოდნავ ჩაზნექილია. ქალაძიდან წიპწის ზედა ნაწილისაკენ მიმავალი ღარი მკვეთრად, ხოლო ნისკარტისაკენ სუსტად არის გამოსახული, მუცლის მხარის ღარები საკმაოდ ღრმაა და ერთი-მეორის პარალელურადაა განწყობილი. ნაწიბური დაბალია, იგი კარგად ემჩნევა წიპწას მთელ სიგრძეზე. ნისკარტი ცილინდრული ფორმისაა, წვერი ოდნავ გეზად აქვს წაკვეთილი.
აგრობიოლოგიური დახასიათება
სავეგეტაციო პერიოდი და მისი ფაზების მსვლელობა. დაკვირვებანი სავეგეტაციო პერიოდის და მისი ცალკეული ფაზების მსვლელობაზე წარმოებდა მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საცდელ სადგურებზე თელავისა და ზესტაფონის საკოლექციო ვენახში. კახეთში რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშების დიდი უმრავლესობა კახურ ვაზის ჯიშებთან ერთად მწიფდება, მაშინ როდესაც იმერეთის ვაზის ჯიშები 10-15 დღით უფრო გვიან მწიფდება, ხოლო ზოგიერთ წლებში სრულ დამწიფებას ვერ ასწრებს. რაჭა-ლეჩხუმი ჰავის პირობებით უფრო ახლოა კახეთთან, ვიდრე შუა იმერეთთან.
კახეთის ჰავის პირობებში (თელავის რ-ნი), წარმოებულ დაკვირვებების მიხედვით შავი კაბისტონის სექტემბრის მეორე ნახევარში მწიფდებოდა.
შავი კაბისტონი კახეთის და იმერეთის ჰავის პირობებში სექტემბრის შუა რიცხვებში მწიფდება, სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა მერყეობს 133-დან 156 დღემდე და საშუალოდ 146-150 დღეს შეადგენს. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი ამ ხნის მანძილზე 2950ºუდრის. ამ მონაცემების მიხედვით შავი კაბისტონი სიმწიფის მესამე პერიოდის ჯიშებს მიეკუთვნება და იგი თავისუფლად შეიძლება რეკომენდებული იქნეს ფართო გამოცდისათვის რაჭა-ლეჩხუმზე უფრო გრილ ჰავიან რაიონებში.
კაბისტონის ერთწლიანი ნაზარდი (რქები) თავისუფლად ასწრებს შემოსვლას ყურძნის სრული სიმწიფის მომენტისათვის და კარგად გახევებული და მომწიფებული ხვდება ზამთრის ყინვებს.მოსავლიანობა. შავი კაბისტონი ადრე იწყებს მოსავლიანობას. მისი ერთწლიანი ნამყენი დარგვიდან მეორე წელს იძლევა მოსავლის პირველ ნიშანს, ხოლო მესამე-მეოთხე წლიდან სრულ მოსავალს იძლევა.
შავი კაბისტონი რაჭაში საშუალოზე მეტი მოსავლიანობით ხასიათდება. მისი მოსავლიანობის კოეფიციენტი 2,0 უდრის ანუ რქაზე საშუალოდ 2 მტევანს ისხამს. ძირის მოსავლიანობა შეადგენს 2-2,5 კგ, ანუ ჰექტარზე გადაყვანით მისი მოსავალი 80-100 ცენტნერს აღწევს. ონის რაიონში მისი მოსავლიანობა 2,0-2,25 მ კვების არეზე ქართული წესით ფორმირების დროს ძირზე 1,5 კგ, ხოლო უდიდესი 2,0-2,5 კგ შეადგენს. ჰექტარზე გადაყვანით მისი მოსავლიანობა საშუალოდ 60-80 ც, ხოლო ნოყიერ ნიადაგებზე 80-100 ცენტნერს აღწევს, საშუალო მტევნის წონა 120 გ, ხოლო მსხვილი მტევნისა 200-250 გ უდრის. შავი კაბისტონი კახეთის პირობებშიაც კარგი მოსავლიანობით ხასიათდება.
რაჭა-ლეჩხუმში და კახეთში წარმოებულ დაკვირვებათა მიხედვით შავი კაბისტონის შედარებითი გამძლეობა, როგორც მილდიუმის, ისე ნაცრის მიმართ შეფასებულია საშუალოდ. იმერეთში, ზესტაფონის რაიონში (ს. საქარა) წარმოებულ დაკვირვებათა მიხედვით (თ. კვარაცხელია, ა. მიროტაძე) შავი კაბისტონის გამძლეობა მილდიუმის მიმართ სუსტია. სხვა ავადმყოფობისაგან ჯიშის სამეურნეო მნიშვნელობის დაზიანება აღნიშნული არ არის. ზამთრის ყინვების მიმართ ჯიში შედარებით კარგი გამძლეობით ხასიათდება.
ტექნოლოგიური დახასიათება
მტევნის მექანიკური შედგენილობა. მტევნის გარეგნული შეხედულება მისი შემადგენელი ნაწილების ურთიერთთან შეფარდება და წვენის ქიმიური შედგენილობა მიგვითითებს შავი კაბისტონის ყურძნის უდავოდ საღვინედ გამოყენების უპირატესობაზე. აღნიშნულის ნათელსაყოფად ქვემოთ მოცემულია შავი კაბისტონის მტევნის მექანიკური და ყურძნის წვენის ქიმიური ანალიზის მაჩვენებლები.
ლაბორატორიულ პირობებში შავი კაბისტონის ყურძნის წვენი საკმაოდ მაღალი (77,4%) გამოსავლიანობით ხასიათდება. წარმოების პირობებში ჭაჭის გამოსავლიანობა მეტია და უდრის 24-26%, ხოლო ტკბილისა 74-76%.
წვენის ქიმიური შედგენილობა. შავი კაბისტონი საკმაო რაოდენობით აგროვებს შაქარს. ამიტომ მას უფრო ხშირად მუჯურეთულთან და ალექსანდროულთან ერთად კრეფენ ადგილობრივი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინის ხვანჭკარას დასაყენებლად. შაქრის დაგროვების დიდ უნარს ჯიში კარგად ინარჩუნებს კახეთის პირობებშიაც. ამბროლაურის რაიონში შავი კაბისტონის შაქრიანობა 20-22% აღწევს, ასეთივე მაღალი შაქრიანობით ხასიათდება იგი კახეთშიაც (თელავში).
ყურძნის გადამუშავება და ღვინის ხარისხი. უფრო ხშირად შავი კაბისტონი გვხვდება ალექსანდროულის ნარგავებში ჯიშ მუჯურეთულთან ერთად მინარევის სახით და მათთან ერთად იწურება ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინის ხვანჭკარას დასამზადებლად. უფრო იშვიათად შავი კაბისტონი გვხვდება აგრეთვე წმინდა ნარგავების სახით, ძირითადად კოლმეურნეობის წევრების საკარმიდამო ნაკვეთებზე. ამ შემთხვევაში იგი იწურება ცალკე, ადგილობრივი ტიპის სუფრის წითელი ღვინის დასამზადებლად.
შავი კაბისტონის ღვინო საშუალო ღირსებისაა, ზოგიერთ წლებში იგი ხარისხოვან, კარგად შეფერილ ზომიერ სხეულიან, ენერგიულ და ჰარმონიულ ღვინოს იძლევა. შავი კაბისტონიდან საცდელად დამზადებული ღვინის ნიმუშები კარგი გემური თვისებებით ხასიათდებოდა: ღვინო უფრო ხშირად ლამაზი წითელი ფერის ან მუქი ვარდისფერია, კარგად გამოსახული ჯიშური არომატით, სხეულით და ჰარმონიული გემოთი.
ზოგი მეურნე უკეთეს შედეგს აღწევს შავი კაბისტონის ალექსანდროულის ჭაჭაზე დაყენებით. ამ შემთხვევაში უმჯობესდება, როგორც ღვინის ფერი, ისე მდიდრდება იგი სხეულით და უმჯობესდება მისი გემური თვისებები. ყველა ამის გამო უფრო ხშირად ამჯობინებენ შავი კაბისტონის მიმატებას ალექსანდროულთან ხვანჭკარას ტიპის ღვინის დასამზადებლად.
გლეხურ მეურნეობებში კაბისტონის ყურძნის გადამუშავება ხდება ხორგოში ანუ საწნეხელში ყურძნის საჭყლეტი მანქანების გამოყენებით. წვენი ჭაჭასთან ერთად რჩება ხორგოში სადუღრად. დუღილის პერიოდში ჭაჭიან ტკბილს ხორგოში დღეში ორჯერ ან სამჯერ დაურევენ `ქუდის~ ჩაზელვით. მძაფრი დუღილის დამთავრებისას, დაწურვიდან დაახლოებით 7-10 დღის შემდეგ, ღვინოს ასხამენ სუფთა ქვევრში, ახურავენ სარქველს და მჭიდროდ გლესავენ თიხით. დარჩენილ ჭაჭას გამოწურავენ, რომლის შემდეგ მას ჩაყრიან ცალკე ქვევრში, მაგრად გაძეკავენ და ინახავენ არყის გამოსახდელად.
შავი კაბისტონის ღვინის ნიმუშები საკმაო მდიდარი ქიმიური შედგენილობით ხასიათდება. მაღალ ალკოჰოლიანობასთან ერთად ექსტრაქტსაც დიდი რაოდენობით შეიცავს.
ყურძნის წვენისა და სუფრის ღვინის ქიმიური ანალიზების მონაცემების მიხედვით ჯიში შეიძლება პერსპექტიულად მივიჩნიოთ აგრეთვე ყურძნის უალკოჰოლო წვენისა და ხარისხოვანი საკონიაკე ღვინომასალის დასამზადებლად. ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძნად ჯიში ნაკლებად გამოსადეგია, როგორც გარეგნული შეხედულებით ისე გემური თვისებებითაც.
საერთო შეფასება და რაიონირება
შავი კაბისტონი ადგილობრივი, ნაკლებად გავრცელებული ვაზის ჯიშია. მისი ვენახების ფართობი მოქცეულია ამბროლაურისა და ონის რაიონებში. უფრო ხშირად ჯიში გვხვდება ალექსანდროულის ვენახებში ნარევის სახით, იშვიათად წმინდა ნარგავების სახითაც, ძირითადად კოლწევრების საკარმიდამო ნაკვეთებზე. ჯიშის მოსავალი ალექსანდროულთან და მუჯურეთულთან ერთად იწურება ხვანჭკარას დასამზადებლად, იშვიათად ცალკეული ნაკვეთებიდან მისგან სუფრის წითელ ღვინოსაც ამზადებენ.
კაბისტონისაგან დამზადებული სუფრის ღვინო კარგი შეფერვით, ენერგიით, სხეულით და ჰარმონიული გემოთი ხასიათდება. ზოგიერთ წლებში მისგან საკმაოდ ხარისხოვანი ღვინო დგება. ჯიშის დადებითი თვისებებს მიეკუთვნება შედარებით მაღალი მოსავლიანობა და ადრე მწიფობა, პროდუქციის კარგი ხარისხი და ვარგისობა სხვადასხვა ტიპის ღვინისათვის.
უარყოფით თვისებებს წარმოადგენს მილდიუმის მიმართ შედარებით სუსტი გამძლეობა, მარცვლების არათანაბარი მომწიფება და ღვინის არაინტენსიური შეფერვა. საქართველოს ვაზის ჯიშების სარაიონო სტანდარტულ ასორტიმენტში ჯიში შავი კაბისტონი შეტანილი არ არის.
ჯიში სასურველია გამოიცადოს ფართო მასშტაბით უალკოჰოლო ყურძნის წვენისა და ხარისხოვანი კონიაკების ღვინომასალების დასამზადებლად, როგორც რაჭა-ლეჩხუმში, ისე ზემო იმერეთსა და შიგნი კახეთში (ალაზნის მარცხენა მხარე).
მეფუტკრეობა
ბუნებრივი ნაყრიანობა — ფუტკრის გამრავლების ბიოლოგიური პროცესი
ფუტკრის ოჯახის ნაწილს, რომელიც გამოეყოფა ძირითად ოჯახს, ნაყარი ეწოდება. ხოლო ახალი ოჯახის ჩამოყალიბების პროცესს — ნაყრიანობა.
ნაყრიანობა რთულ ინსტინქტს მიეკუთვნება და მისი საშუალებით ახალ ადგილზე დასახლებისათვის და შემდგომი ცხოველმყოფელობისათვის წინასწარ ხდება დედების და ფუტკრის სათანადოდ მზადება.
ბუნებრივი ნაყრიანობა, როგორც ფუტკრის ოჯახის გამრავლების საშუალება უძველესი დროიდან (ჩვენს წელთაღრიცხვამდე IX საუკუნიდან) ცნობილი და ითვლებოდა ფუტკრის ოჯახების გამრავლების ერთადერთ მეთოდად.
თანამედროვე პირობებში მიუხედავად იმისა, რომ შემუშავებულია ფუტკრის ოჯახების ხელოვნური გამრავლების სხვადასხვა ხერხიც.
ფუტკრის ოჯახი როგორც ბიოლოგიური ერთეული, ბუნებრივად მრავლდება მხოლოდ გაყოფის გზით და სწორედ ბუნებრივი ნაყრიანობით მოაღწია ფუტკარმა ჩვენამდე.
ნაყრიანობის სახეები
არჩევენ ადრეულ, დაგვიანებულ და შუალედურ ნაყარს, ადრეული ნაყარი ოჯახიდან გამოდის მთავარ ღალიანობამდე 40-50 დღით ადრე და ყველაზე ხარისხიან განაყოფად ითვლება, რადგან ისინი ნორმალურ კონდიციას აღწევენ ღალიანობამდე და ასწრებენ ღალის ათვისებას.
დაგვიანებული ნაყრის გამოსვლა ემთხვევა მთავარ ღალიანობას, რის გამოც იგი თაფლის პროდუქციას ვერ აგროვებს, რადგან ფუტკარი ენერგიას ბარტყის გამოზრდაზე ხარჯავს.
შუალედური ნაყარი გამოდის ადრეულ და დაგვიანებული ნაყარის გამოსვლის შორის პერიოდში. იგი ნაკლებ სარგებლიანი, რადგან მთავარ ღალიანობამდე 25-30 დღით ადრე ფუტკარი ტოვებს რა ძირითად ოჯახს, ვერ ასწრებს ფუტკრის მასის საკმაო დაგროვებას. ამასთან ერთად ოჯახში არსებული ბარტყის მოვლა-პატრონობაში მუშა ფუტკრის გაცვეთის გამო მცირდება მოღალე ფუტკრის რაოდენობა.
ნაყრიანობის მიზეზები
ნაყრიანობის ძირითად მიზეზად ითვლება ოჯახში ახალგაზრდა თაობის 10-20 დღის ასაკის ფუტკრის მოჭარბებული რაოდენობა, რომლებიც სამუშაოთი საკმარისად ვერ არიან დატვირთულნი, ამასთან ერთად ერთი დედის მიერ დადებული კვერცხის რაოდენობა ვერ აკმაყოფილებ ძიძა ფუტკრის მოთხოვნებს, რათა ბარტყის გამოსაზრდელად ისინი გამომუშავებული რძისაგან განთავისუფლდნენ.
თუ მათ მივცემთ საშუალებას, რომ გამომუშავებული რძისმაგვარი საკვები ნივთიერებები გახარჯონ, სხვა ოჯახიდან ღია ერთ-ორ დღიანი ბარტყიანი და კვერცხიანი ჩარჩოების ჩადგმით, სიროფის მიცემით და სხვა საშუალებით, მაშინ ხელს შეუწყობთ ნაყრიანობის შეჩერებას.
ნაყრიანობისთვის მზადება
მთლიანობაში ნაყრიანობის პერიოდი გრძელდება ორი კვირიდან 6 კვირამდე, ზოგ ადგილზე ნაყრიანობა შეიძლება გამეორდეს. ნაყრიანობის წინ 10-15 დღით, ზოგჯერ ერთი თვით ადრეც ფუტკარი ცდილობს შეაწყვეტინოს დედა ფუტკარს კვერცხის დება, რისთვისაც რძის ნაცვლად დედას კვებავენ ჭეოიანი თაფლით, რის გამოც იგი უკლებს კვერცხის დებას, ხოლო ნაყარის გამოსვლის წინ 2-3 დღით ადრე სრულიად წყვეტს.
მოჭარბებული ფუტკრები გრძნობენ სივიწროვეს, მათ ერთად ცხოვრება აღარ შეუძლიათ და ექმნებათ გაყოფის სურვილი. ამიტომ ჩარჩოს განაპირა უჯრედების გაგანიერებას იწყებენ, საძირკვლიდან სადედედ ამზადებენ და მუცელზე ულვაშების ქიცინით და ზურგზე ახტომით აიძულებენ დედას მათ მიერ ჩამოშენებულ სადედეებში კვერცხი ჩაადებინონ, რითაც საშუალება ეძლევათ სადედეებში სადედე რძე ჩაასხან ჭარბი რაოდენობით და მისგან განთავისუფლდნენ.
აქედან გამომდინარე ნაყრიანობის პროცესს მართავს არა დედა, არამედ მუშა ფუტკარი. დედა ფუტკარი ერთდროულად კი არ დებს კვერცხს ფუტკრის მიერ წამოშენებულ სადედეებში, არამედ დროგამოშვებით, რის გამოც სადედეები სხვადასხვა ასაკისანი არიან, ამიტომ დედების გამოჩეკვაც მეორე და მესამე ნაყრის გამოსასვლელად დროგამოშვებით ხდება.
ოჯახში, რომელიც ემზადება სანაყრედ, შეიძლება შევხვდეთ რამოდენიმე ათეულ სადედეს, ისინი ვერტიკალურ მდგომარეობაში ჩამოკიდებულნი და თავით ქვევით მიმართულნი არიან.
კვერცხის დების შემცირების ან შეწყვეტის გამო დედა ნაკლებად ღებულობს რა საკვებს, წონაში კლებს და ნაყართან ერთად გამოსვლისათვის ემზადება. ჭეონარევი თაფლით კვების გამო დედა ფუტკარს ემატება ენერგია გასაფრენად, მაგრამ მის ორგანიზმში მომწიფებულ ახალ-ახალი ფუტკრის ჩანასახების არსებობით დამძიმებული შორს ვერ მიფრინავს და ფრენას გადაჩვეული დედა დასასვენებლად და შემდგომი ენერგიის მოსაკრებად ახლო ხეს მიეყრება.
დედა ფუტკარი ორჯერ გამოდის ოჯახიდან, პირველ გამოფრენას საქორწინო გაფრენას უწოდებენ, ხოლო მეორეჯერ ნაყართან ერთად მის გამოსვლას ბოლო გამოსვლას უწოდებენ.
როცა ვნახულობთ ბევრ სადედეს, რომლებიც განლაგებულნი არიან ძირითადად აშენებულ ფიჭის განაპირა მხარეზე, ოჯახში ბევრი მამალი ფუტკარიცაა, ფუტკარი ხალისით არ მუშაობს, შეზღუდული რაოდენობით აგროვებს ან თითქმის წყვეტს ნექტარის და ყვავილის მტვერის შემოტანას და მიუხედავად ღალიანობისა, საკონტროლო სასწორი კლებას გვიჩვენებს, სუსტად აშენებს ან მთლიანად წყვეტს ფიჭის მშენებლობას, რადგან ძიძა ფუტკრები, რომლებიც ცვილის ძირითადი გამომყოფები და ფიჭის მშენებლები არიან, თავისი სამშენებლო მასალით გამზადებულნი არიან გაჰყვნენ ნაყარს.
ყრისადმი მომზადების ნიშანია აგრეთვე ის, რომ საფრენ ფიცარზე ბევრი ფუტკარი ზის გაუნძრევლად, ნაყრის შეუფერხებელი გამოსვლისათვის იფართოებენ გამოსასვლელებს, რისთვისაც ღრღნიან საფრენ ხვრელს. ეს ნიშანი გამოვლინებულია რ. ზავრაშვილის (1994) მიერ, რომელსაც ჩვენც ვეთანხმებით.
ნაშუადღევს საღამომდე ფუტკრები გარეთ საფრენ ხვრელს ქვემოთ გუნდად ჩამოეკიდებიან, თუმცა ეს უკანასკნელი ნაყრიანობის განმსაზღვრელი ნიშანი არ არის, რადგან არა ნაყრიანობის პერიოდში ცხელ ამინდშიც ვხვდებით ასეთ სურათს.კომპლექსური ნიშნები უტყუარად მიგვანიშნებენ იმაზე, რომ ფუტკარი ნაყრიანობისათვის ემზადება.
ნაყრის გამოსვლა
ნაყარი მხოლოდ მაშინ გადის ოჯახიდან, როცა სადედეებს თავს გადაუბეჭდავენ და გარანტირებულნი არიან რომ იქიდან დედა გამოვა და ოჯახი არ დაობლდება.
პირველი ნაყარი გამოდის დღის პირველ ნახევარში დილის 10 საათიდან 15 საათამდე პერიოდში, მზიან, თბილ ამინდში დილიდან ამ ოჯახში შეწყვეტილია ფრენა, როგორც კი მზვერავი ფუტკრები სკაში დაბრუნდებიან მათვის დამახასიათებელი ჩვეული სწრაფი მოძრაობით და სპეციფიკური ბგერების გამოცემით იწვევენ სანაყრე ფუტკრის გაღიზიანებას, ისინი ივსებენ ჩიჩახვს თაფლით, სკიდან გამოდიან საკვებით და სამშენებლო მასალით, ანუ ცვილით დატვირთულნი.
ძირითადი მასის აფრენისას ისინი ტრიალებენ ჰაერში, შემდეგ მიეხვევიან ხის ტოტებს, ბუჩქს, სხვა საგნებს, ან აცოცდებიან ხეზე. შემდეგ გამოდის დედა ფუტკარი, საფრენ ფიცარზე დადის, ენერგიას იკრებს და გაფრინდება. მას მიჰყვება სანაყრე ფუტკრის დარჩენილი ნაწილი და მამალი ფუტკრები.
პირველი ნაყარი ძლიერია და იწონის 2-3 კგ, სუსტი კი 1 კგ და ნაკლებს. ნაყრის გამოსვლა გრძელდება 3-5 წუთის განმავლობაში, როცა დედა შეუერთდება მიყრილ ფუტკარს ან ფუტკარი მიეხვევა გალიაში დამწყვდეულ დედას. ფუტკრები ასწევენ მუცლებს, სუნოვანი ჯირკვლებიდან გამოსცემენ სუნს, რომელსაც ფრთების სწრაფი მოძრაობით ავრცელებენ, თავს უყრიან ერთმანეთს და გუნდის სახით ჩამოეკიდებიან. ნაყარს მიჰყვება 80% 24 დღის ასაკის ფუტკრები.
ცნობილია, რომ იქ, სადაც ტყე ახლოს არ არის, ნაყარი შეიძლება გაფრინდეს 10 კმ და მეტ მანძილზეც. თუ შემთხვევით ნაყრის გუნდში დედა არ აღმოჩნდება ფუტკარი უკან დაბრუნდება თავის სკაში. ნაყართან ერთად გამოსული დედა საფრენიდან გამოსვლისთანავე ჰაერში არ აფრინდება.
როგორც წინ აღვნიშნეთ გარკვეულ პერიოდის განმავლობაში მისაფრენ ფიცარზე დადის და მეფუტკრეს შეუძლია ხუფის ქვეშ მოათავსოს იგი და მასზე ფუტკრის მისაფრენად ნაყრის ადვილად ჩამოღებისათვის დაკიდოს მისთვის ხელსაყრელ ადგილზე.
ნაყარი შორს რომ არ გაფრინდეს, მეფუტკრე ხშირად დედა ფუტკარს ფრთებს აჭრის, საფრენიდან გამოსული გასაფრენად მომზადებული დედა ფუტკარი ძირს ვარდება და მეფუტკრეს ადვილად შეუძლია ნაყარი დედასთან ერთად უკან თავის სკაში დააბრუნოს,
ან უმჯობესია ახალ ოჯახად დაასახლოს იგი, რადგან ოჯახს ყრისადმი მიდრეკილება მაინც ექნება. ნაყარგაშვებული ძირითადი ოჯახი ახალი დედის გამოსვლამდე ხელოვნურ ფიჭას არ აშენებს, ამიტომაც არ არის რეკომენდებული მათთვის ხელოვნური ფიჭის მიცემა.
ნაყარგაშვებულ სკაში ტემპერატურა იმ დონემდე მატულობს, რომ ცვილით ნაგებობა _ შენობები რბილდება და იბრიცება.
პირველი ნაყრის გამოსვლის შემდეგ ოჯახში რჩება ფუტკრის ნახევარი, ღია და გადაბეჭდილი სადედეები, გადაბეჭდილი ბარტყი, რომელთა გამოსვლით რამოდენიმე დღეში ოჯახი კვლავ ძლიერდება.
თუ გრძელდება ახალგაზრდა ფუტკრით ოჯახის გამდიდრება და მათ არა აქვთ საშუალება გახარჯონ გამომუშავებული რძისმგავარი ნივთიერება ბარტყის გამოსაკვებად (რადგან ოჯახში არ არის ღია ბარტყი) და ამასთან ერთად აღინიშნება სუსტი ღალიანობა, პირველი ნაყრის გამოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ გამოდის მეორე ნაყარი, ორი-სამი დღის შემდეგ მესამეც და ა. შ.
შეიძლება ჰაერში რამოდენიმე ნაყარი ერთად შეერთდნენ. ნაყარში შეიძლება აღმოჩნდნენ შემთხვევითი, მიტმასნილი ფუტკრები მეზობელი ოჯახიდან. ამიტომაც ხშირადაა ნაყარში მოხვედრილი ფეხგუნდიანი ფუტკრები, რომლებიც ნაყარში დარჩებიან იმ შემთხვევაში, თუ ისინი დასახლდებიან საფუტკრიდან შორს, ხოლო თუ ისინი საფუტკრესთან ახლოს არიან, მაშინ მეორე დღესვე დაუბრუნდებიან თავთავიანთ სკებს, რის შედეგად ნაყარი სუსტდება;
პირველი ნაყარი, რომელიც როგორც აღვნიშნეთ, სკიდან გამოდის განაყოფიერებული ძველი დედით, თბილ, წყნარ ამინდში, დილის 10 საათიდან 15 საათამდე პერიოდში, რამდენიმე დღის სამყოფი საკვებით გავსებული ჩიჩახვით და სამშენებლო მასალით, რომელიც ფუტკრებს თან მიაქვთ ძველი ბუდიდან და ხარჯავენ მას ახალი ბუდის შენებაში.
მეორე და მესამე ნაყარს კი გამოჰყვებიან ახლად გამოსული გაუნაყოფიერებელი, მსუბუქი დედები, გამოსვლამდე 1-2 დღით ადრე ისინი მუცლის შეკუმშვის დროს გამოსცემენ ბგერებს სასუნთქი სტიგმებიდან.
ვინაიდან დედები გაუნაყოფიერებელნი არიან მუცლის სიპატარავის გამო საკვერცხეები პატარა აქვთ, ვერ აწვებიან საჰაერო სტიგმებს და მუცლის კედელს, ამიტომ საკვერცხეებს შორის დარჩენილი სივრცე სუნთქვის დროს გამოსცემს ნაზ ბგერებს. დედის სიმჩატის გამო ნაყარი შორს მიფრინავს, მას მიჰყვებიან პირველი ნაყრისაგან განსხვავებით ბევრი მამლები, გამოდიან დღის ნებისმიერ მონაკვეთში და უფრო მაღალ ხეებს მიეხვევიან.
ნაყრის გასვლის დროს ბუდეში შექმნილი არეულობის გამო შეიძლება სხვა სადედეებიდანაც გამოვიდნენ დედები და შეუერთდნენ ნაყარს. ამიტომ შესაძლებელია მეორე ნაყარს რამდენიმე დედა გაჰყვეს, ფუტკარი კი თვითონ აირჩევს დასატოვებელ დედას, ვინაიდან ნაყრის გამოსვლიდან ორი კვირის შემდეგ ძირითად ოჯახში ფიჭის ყველა უჯრედი გათავისუფლდება ბარტყისაგან, ამიტომაც მიზანშეწონილია ამ პერიოდში უვარგისი ფიჭების გამოცვლა, ან მათი გადმოტანა ნაპირზე, რომლებსაც თაფლის წურვის შემდეგ გამოიწუნებენ.
თუ რამოდენიმე ნაყარი შეუერთდა ერთმანეთს და მათ ერთი ასაკის დედები ჰყავთ (ახალგაზრდა ან ძველი) მაშინ ფუტკრები მშვიდობიანად შეუერთდებიან ერთმანეთს და დაიტოვებენ მათთვის სასურველს, მაგრამ თუ ერთს ძველი დედა ჰყავს, მეორეს კი ახალგაზრდა, მაშინ ნაყრებს შორის ატყდება ჩხუბი და იმარჯვებს ძლიერი.
მეორე ნაყრის გასვლის წინ თუ ოჯახში დაიბადება დედა, გაისმის მისი სიმღერა. იგი ფიჭაზე დადის და პერიოდულად გამოსცემს ნაზ ბგერას პიპინის სახით, რომელიც წყნარ ამინდში სკის ახლოსაც ისმის, განსაკუთრებით საღამო საათებში, როცა ფუტკრის მუშაობა შეჩერებულია.
დედის პიპინს სიმღერას უწოდებენ, დანარჩენ სადედეებში მყოფი დედები კი გადაბეჭდილ სახურავებზე აკეთებენ ნახვრეტებს, საიდანაც ფუტკრები მათ კვებავენ, მაგრამ გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ, ისინი გულგრილად ვერ უგდებენ ყურს თავისუფლად მოსეირნე მეტოქის ხმას, რომელიც სრულიად განსახვავებულია, დაბადებული დედის პიპინისაგან, რადგან ჯერ კიდევ სადედეებში მყოფი დედების ხმას ახშობს სადედეს კედლები.
დედების წრიპინიც კარგად ისმის საღამოს სკის უკანა კედელზე ფონენდოსკოპით ან ყურის მილებით. დედის სიმღერა-პიპინით მეფუტკრეს შეუძლია უშეცდომოდ განსაზღვროს მეორე ნაყრის გამოსვლის შესაძლებლობა.
თუ ფუტკარი არ ისწრაფვის ნაყრიანობისადმი, მაშინ გამოსული დედა და თვით ფუტკრებიც ეწინააღმდეგებიან ჩამოშენებულ სადედეებში არსებულ დედებს, ღრღნიან გვერდითა კედლებს და ჩაკლავენ მასში.
სადედეებზე ფუტკრის თავდასხმის დროს ფუტკრების მიერ სადედეს გაღრღნა გვერდითა კედლიდან იმიტომ ხდება რომ მუშა ფუტკრისაგან განსხვავებით, როცა საკვებით უხვად მომარაგებულ სადედე უჯრედში გადაბეჭდვის შემდეგ ჭია პარკს იქსოვს, ტანის მეორე ნახევარს ღიად იტოვებს რათა საკვების ხშირი მიღებით ფეკალური მასისაგან ადვილად გათავისუფლდეს, რადგან სადედე ჭიის სხეულის მეორე ნახევარი შიშვლად არის დატოვებული მხოლოდ ამ ადგილზე შეუძლია ფუტკარს გაღრღნას სადედეს კედელი და ნესტრით შიგ არსებული დედა ჩაკლას.
მაგრამ თუ ფუტკარი აპირებს ყრას, მაშინ ფუტკრები სადედეებს არ გამოღრღნიან, საიდანაც 2-3 გამოჩეკილი დედა სკაში არსებულ ფუტკრის ნაწილთან ერთად პირველი ნაყრის გამოსვლიდან 9 დღის შემდეგ გამოფრინდება.
მეორე ნაყრის გამოსვლას ხელი რომ შევუშალოთ ოჯახი უნდა შევამოწმოთ პირველი ნაყრის გამოსვლიდან 4-5 დღის შემდეგ და მასში არსებული ყველა სადედეები ამოვჭრათ, გარდა ერთი კარგი და დიდი ზომის სადედისა, რომელსაც ბუდეში დავტოვებთ, ზოგჯერ ოჯახში რჩება ღია ბარტყი და მასზე ჩამოაშენებენ ხოლმე სადედეებს, ამიტომ სანაყრე სადედეების მოსპობიდან 3-4 დღის შემდეგ ოჯახი მეორეჯერ უნდა გავსინჯოთ და ჩვენ მიერ შერჩეულ სადედის გარდა მოვსპოთ დანარჩენი. ბარტყის გამოზრდისათვის ახალგაზრდა ფუტკრის დასატვირთავად კარგია თუ ოჯახს ჩავუდგამთ სხვა ოჯახიდან ამოღებულ ახლად ჩაკვერცხილ ღია ბარტყიან ჩარჩოს.
განვითარების ბიოლოგიური ციკლის დამთავრების შემდეგ გამოსული დედა შესაფერის კლიმატურ პირობებში ერთ კვირაში განაყოფიერდება და შეუღლებიდან 2-3 დღის შემდეგ დაიწყებს კვერცხის დებას. ამ დროს ოჯახის დათვალიერება საჭირო აღარ არის, რადგან ამით შეიძლება ხელი შევუშალოთ გასანაყოფიერებლად დედის გამოსვლას. ვიდრე დედა დაიწყებს კვერცხის დებას, ფუტკარი ბუდის შუაში არსებულ უჯრედებს ასუფთავებს და ამზადებს კვერცხის ჩასადებად.
საქორწინო გაფრენის დროს დედის დაკარგვის შემთხვევაში ფუტკარი ბუდის ცენტრში თაფლს ასხამს. დედის არსებობაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში ოჯახში უნდა ჩავდგათ კვერცხიანი და ახალგაზრდა ბარტყიანი ე. წ. საკონტროლო ჩარჩო. რამოდენიმე დღის შემდეგ თუ ფუტკარმა სადედეები ჩამოაშენა, ამ ჩარჩოს ამოიღებენ და ოჯახს მისცემენ სათადარიგო დედას. ბუდის ცენტრში თაფლჩასხმულ ჩარჩოს კი გადმოდგამენ ნაპირებში.
თუ მთავარმა ღალიანობამ მოუსწრო საყრელად გამზადებულ ოჯახს, მაშინ ფუტკრები თავს ანებებენ ნაყრიანობას, გადაირთვებიან ღალის შეგროვებაზე, გააფუჭებენ, გამოღრღნიან ყველა სადედეს გვერდიდან, გარდა ერთისა, საიდანაც გამოსული დედა განაყოფიერების შემდეგ დაიწყებს კვერცხის დებას, მუშა ფუტკარი აგროვებს ნექტარს და ასე ამგვარად ხდება დედის თვითშეცვლა.
წვიმა და ცუდი ამინდი ხელს უშლის ნაყრის გამოსვლას, ხოლო უეცარი გამოდარებისას ოჯახმა შეიძლება გამოუშვას ერთდროულად რამოდენიმე ნაყარი. ღალის შეწყვეტა და ძლიერი ღალიანობა ხელს უშლის ნაყრიანობას. ნაყრიანობის შესაჩერებლად უშედეგოა ზარების რეკვა და ტაშტების ხმაური.
სასარგებლოა წყლის შესხურება ნაყრიანობისას, რაც რამოდენიმე ნაყარს არ აძლევს საშუალებას შეერთდნენ. ამასთან ერთად დასველებული ფუტკრები შორს წასვლას ვერ ახერხებენ და იქვე ბალახებში შეგროვდებიან და რადგან დედას სველი ფრთებით აფრენა არ შეუძლია, ისინი დაბრუნდებიან უკან, მაგრამ ნაყრისგამოსვლა და უკანვე დაბრუნება არ ზღუდავს ნაყრიანობას.
ნაყრების დასახლება
ნაყარის დასახლება მკვეთრი სუნის საღებავით შეღებილ სკაში, შემჭიდროვებულ ან ზედმეტად გაფართოებულ ბუდეზე, ცუდად ვენტილირებულ სკებში დასაშვები არ არის. ნაყარი სწრაფად უნდა დავასახლოთ, რადგან თუ საფუტკრეში ბევრი ფუტკარია, შეიძლება მეორე ნაყარიც მალე გაჩნდეს.
თუ შესაძლებელია, კარგია სკის მიტანა ნაყართან და შესახლების მერე შესაფერის ადგილზე დადგმა. ნაყრის ჩამოღების დროს მეფუტკრეები ხშირად იხურავენ ჩალის ქუდს და ხელებს იდაყვამდე ცივი წყლით ივლებენ.
ნაყრის დასახლება შეგვიძლია ორ ან მეტ აშენებულ ფიჭიან და გვერდებზე მიდგმულ ხელოვნურ ფიჭიან წინასწარ ჩადგმულ ცარიელ სკაში ზემოდან ჩაბერტყვით. ან საღამოს სკის წინ დაფენილ მუყაოზე, ფანერაზე, ბრეზენტზე ან სხვა მასალაზე დაბერტყვით. თუ ნაყარმიხვეული ტოტი მსხვილია და არ იდრიკება, მეფუტკრე დიდი კოვზით მოხაპავს ფუტკარს და ჩაყრის ცარიელ სკაში.
ნაყარის ახალ სკაში დასახლების შემდეგ სკაზე სახურავის მთლიანად დახურვა არ შეიძლება, რადგან ფუტკარი აღელვებულია და მეტ ჰაერს საჭიროებს, რის გამოც ისინი გარეთ გამოდიან, სახურავის მთლიანად მორგება შეიძლება მხოლოდ მათი დაწყნარების შემდეგ.
ნაყარის დათვალიერებით დავადგენთ კვერცხის დებას, საკვების არსებობას, ფიჭების მშენებლობის მიმდინარეობას, ნაყარი ივიწყებს თავის პირვანდელ ადგილს და იმახსოვრებს ახლად დასახლებულ ადგილს.
ახლად დასახლებულ ნაყარს ხელოვნური კვება არ ესაჭიროება, რადგან მათ 2-3 დღის საკვები მარაგი თან მიაქვთ, მაგრამ თუ ნაყარის დასახლებიდან 3-4 დღის შემდეგ ღალიანობა არ აღინიშნება ან ცუდი კლიმატური პირობების გამო ფუტკარი გარეთ ვერ გამოდის, მაშინ საკვებად შეიძლება შაქრის სიროფის მიცემა იმდენჯერ, რამდენსაც საჭიროება მოითხოვს, თუ ნაყრის დათვალიერებით შევნიშნავთ ჩამოგლეჯილ ახლად აშენებულ ფიჭას, იგი უნდა შევცვალოთ ახლით, რადგან 21 დღის განმავლობაში ნაყარს არ ექნება ახალგაზრდა ფუტკრით ბუდის შევსების საშუალება, ამიტომ ნაყარის ბუდის გაფართოება საჭირო არ არის.
ნაყარი მარტო ხელოვნურ ფიჭაზე არ უნდა დავასახლოთ, რადგან სიმძიმისაგან ფუტკრები მას ჩამოანგრევენ. ამიტომ საჭიროა მივცეთ ბუდის ცენტრში აშენებული 1-2 ფიჭა მაინც, რაშიც დედა პირველი დღიდანვე იწყებს კვერცხისდებას, პირველ ნაყარს უფრო მეტი რაოდენობით აძლევენ ხელოვნურ ფიჭას.
მთავარი ღალიანობის დროს გამოსულ ნაყრებსაც უმჯობესია ღალის მთლიანად ასათვისებლად მივცეთ აშენებული მშრალი ფიჭები. ნაყრის შესანარჩუნებლად კი კარგია სკაში ღია ბარტყიანი ფიჭების ჩადგმა.
შეიძლება შევხვდეთ ისეთ შემთხვევასაც, როცა ერთ ტოტზე რამდენიმე ნაყარია მიყრილი, მისი ჩამოღებისა და ერთ ყუთში მოთავსებისას, ისინი თვითონ განაწილდებიან სკის კუთხეებში და თავთავიანთ დედასთან შეგროვდებიან. ამის შემდეგ მეფუტკრეს შეუძლია ადვილად ამოიყვანოს და დაასახლოს ისინი ცალ-ცალკე.
დედა ფუტკრების ხელოვნური გამოყვანა — რამდენიმე მეთოდი

საფუტკრეში ყოველწლიურად ბევრ მეფუტკრეს გამოჰყავს ახალი დედა ფუტკრები საჭიროებისამებრ გამოსაყენებლად — ფუტკრის ოჯახების, გასამრავლებლად, ძველი, ხნიერი, დაავადებული, გაცრუებული დედების ახლით შესაცვლელად, ღალიანობის დროს დამხმარე დედად გამოსაყენებლად და სხვა მიზნებისათვის.
ყველასათვის ცნობილია, რომ ფუტკარს ახალი დედები მეფუტკრის ჩარევის გარეშეც გამოჰყავს ნაყრიანობის, ჩუმი ცვლის და გაჭირვების შემთხვევაში, რომელთაგან ფუტკრის გასამრავლებლად მეფუტკრე იყენებს ძირითადად სანაყრე მდგომარეობაში მყოფ სადედეებს იმ ძლიერი ოჯახებიდან, საიდანაც პირველი ნაყრის გამოსვლის შემდეგ ბასრი დანით ფრთხილად ამოჭრის ყველა მათგანს ერთი ხარისხიანი სადედის გარდა, რომელსაც უტოვებს იმავე ოჯახს მეორე ნაყრის გასვლის და ძირითადი ოჯახის დასუსტების თავიდან ასაცილებლად.
მაგრამ სანაყრე სადედეების მიღება ყოველთვის არ არის შესაძლებელი, ამასთან ერთად დედების გამოყვანის აუცილებლობა წინ უსწრებს ნაყრიანობის პროცესს, ამიტომაც ხელოვნური გზით დედები გამოიყვანება განსაზღვრულ ვადებში.
დედების გამოყვანას მეფუტკრე იწყებს არასანაყრე მდგომარეობაში მყოფი ოჯახებიდან გაზაფხულზე და ზაფხულის პირველ ნახევარში, შემოდგომაზე კი დედები გამოჰყავთ მხოლოდ იმ კლიმატურ ზონაში, სადაც საშემოდგომო ღალიანობა აღინიშნება.
დედების გამოყვანის ვადები დამოკიდებულია ფუტკრის ოჯახებში სამამლეების არსებობაზე, რომელთა განვითარების ბიოლოგიური ციკლი 24 დღეს მოიცავს, მის სქესობრივ მომწიფებას კი სჭირდება დაბადებიდან 10-14 დრე.
ამგვარად სამამლე კვერცხიდან სქესობრივად მომწიფებული მამლების მიღებას სჭირდება 34 დღე და ამიტომაც გაზაფხულზე ახალი დედების გამოყვანას მამალი ფუტკრის გაჩენიდან 14 დღის შემდეგ იწყებენ.
დედების სრულყოფილი განაყოფიერებისათვის საჭიროა საფუტკრეში არანაკლებ ხუთი მამისეული ოჯახის ყოლა, რომელთა ბუდის შუაში დგამენ 2-3 ცალ გასული წლის სამამლე უჯრედებიან იმ ფიჭას, საიდანაც რამოდენიმე თაობა მამალია გამოყვანილი.
ასეთ ოჯახებს უნდა გააჩნდეთ არანაკლებ 5-7 კგ. თაფლი და 2 კგ. ჭეო. ბუდეში ჩადგმულ სამამლე უჯრედებიან ჩარჩოებს შორის მანძილი 0,5 სმ-ით უნდა იყოს გაზრდილი სამუშე ბარტყიან ჩარჩოებს შორის სივრცესთან შედარებით. ბუდეებს მაქსიმალურად ავიწროვებენ და ყოველ ღამე ერთი კვირის განმავლობაში აძლევენ საკვებად 0,5 ლ (1:1) შაქრის სიროფს, შემდეგ ოჯახს ათვალიერებენ და ფიჭაში სამამლე ბარტყის არსებობისას ბუდეში კვლავ ჩადგამენ სამამლე უჯრედებიან ჩარჩოს.
თუ ამ პერიოდს დაემთხვევა ფიჭების გათეთრება და მშენებლობა, სამამლეების ჩამოსაშენებლად ოჯახში მოათავსებენ ჩარჩოს, რომლის ზედა თამასაზე ჩაკრულია ხელოვნური ფიჭის ზოლი. თუ ბუნებრივი ღალიანობა შესუსტდება ფუტკრის ხელოვნურ კვებას განაახლებენ.
თუ შეუძლებელია ახლად გამოყვანილი მამლებისათვის იზოლირებული ზონის შექმნა, მაშინ მამლების გამოსვლის შეზღუდვის ღონისძიებას ტარებენ ძველი ფიჭების გამოწუნებით, ეცდებიან ოჯახებში იყოლიონ ახალგაზრდა დედები, რომლებიც ნაკლებმიდრეკილნი არიან გაუნაყოფიერებელი კვერცხის დადებისადმი.
მამლების შეზღუდვის მიზნით ზოგი მეფუტკრე მიმართავს სამამლე ბარტყიანი უჯრედების სახურავების გადაჭრას, მაგრამ ეს ღონისძიება დიდ შრომასთან არის დაკავშირებული.
საქართველოში ბევრი მეფუტკრე მისდევს დედების გამოყვანას, რომელთაგან თანამედროვე პირობებში ერთ-ერთი მისაბაძი, პროფესიონალი მეფუტკრე შალვა იოსელიანია.
არსებობს დედა ფუტკრის ხელოვნურად გამოყვანის სხვადასხვა მეთოდი, რომელთაგან განვიხილავთ დედა ფუტკრის გამოყვანას ჭიის გადატანის გარეშე, რომლის დროსაც სადედეების აშენება ხდება ფიჭის იმ სამუშე უჯრედზე, სადაც ახალგაზრდა ჭია ან კვერცხია და სპეციალურად მომზადებულ მრგვალძირიან ჯამებში ჭიის გადატანით.
დედა ფუტკრის გამოყვანა ჭიის გადატანის გარეშე
2. მილერის მეთოდი
მილერის (აშშ) მიერ მოწოდებული დედა ფუტკრის გამოყვანის მეთოდი ჭიის გადატანის გარეშე ყველაზე მარტივი და სამოყვარულო მეფუტკრეებისათვის ხელსაყრელია.
დედების გამოსაყვანად ოჯახს აობლებენ და შიგ დგამენ ერთი ასაკის (1-1,5 დღიანი) ჭიებიან ახლად აშენებულ სამკუთხედის ფორმით ამოჭრილ ფიჭიან ჩარჩოს.
ამ მეთოდით ამოჭრილი ფიჭის კიდეების გასწვრივ იზრდება სადედეების ჩამოსაშენებელი ზედაპირი და სადედეების რიცხვი. ამ შემთხვევაში სადედეები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან მიკრულნი, რაც აძნელებს მათ შემდგომ გამოყენებას, ამიტომ სადედეების გამოსაყვანად ბუდეში მათი ჩადგმიდან მე-9-10 დღეს მასზე ამოჭრიან ყოველ მესამე მწიფე სადედეს და გამოიყენებენ საჭიროებისამებრ.
ამავე მეთოდით დედების გამოსაყვანად ძირითად ოჯახს ფიჭის მშენებლობის პერიოდში აძლევენ სამკუთხა ფორმით ჩაკრულ ხელოვნურ ფიჭას და როცა დედა ფუტკარი ჩამოშენებულ ფიჭის უჯრედებში ცდებს კვერცხს, მასში ჩადებული ახალგაზრდა ერთდღიანი ჭიებით გადადგამენ აღმზრდელ ოჯახში სადედეების ჩამოსაშენებლად.
ყველაზე მარტივად დედები შემდეგნაირად გამოჰყავთ: დააობლებენ ფუტკრის ძლიერ ოჯახს, ამოყვანილ დედა ფუტკარს ღია ბარტყიან ყველა ჩარჩოსთან ერთად დროებით მოათავსებენ ნუკლეუსში. შემდეგ ოჯახს ათვალიერებენ და ამოიღებენ ახლადჩაკვერცხილ ან 1-1,5 დღიან ჭიებიან ფიჭას, ბასრი დანით სწორად გადაჭრიან, ისე რომ ნაპირში მოექცეს კვერცხიანი ან კვერცხიდან გამოსული ახალგაზრდა ჭიებიანი უჯრედები.
მასზე ჩამოშენებული სადედეები ერთმანეთს რომ არ შეეხონ, ატარებენ ორი-სამი უჯრედიდან ბარტყის გამოხშირვას ასანთის ღეროთი, რის შემდეგ მას დააბრუნებენ იმავე დაობლებულ ოჯახში, სადაც მუშა ფუტკრები უხვად ჩამოაშენებენ სადედეებს.
ჩარჩოს ჩადგმიდან მე-9-10 დღეს სადედეების გადაბეჭდვის შემდეგ, ამოიღებენ და სიფრთხილით ამოჭრიან დაუზიანებელ სადედეებს, დაობლებულ ოჯახს დაუბრუნებენ თავის დედას ან დაუტოვებენ ერთ-ერთ მწიფე სადედეს.
ალეის (აშშ) მეთოდითაც — დედების გამოყვანა ხდება ჭიების გადატანის გარეშე ამ შემთხვევაში სადედეები ერთიმეორისაგან გამოყოფილია. ძირითადი ოჯახიდან ამოიღებენ ახალგაზრდა ჭიებიან ფიჭას, ცხელი ბასრი დანით სიფრთხილით ამოჭრიან სასურველია ფიჭის შუა ნაწილიდან) ერთ რიგად ფიჭის უჯრედების იმ ზოლს, სადაც დედების გამოსაყვანად ერთი ასაკის ჭიები იქნება.
ფიჭის ზოლებს მაგიდაზე დადებენ და რომელშიაც ბევრი ახალგაზრდა 1-2 დღის ასაკის ჭიებია, იმ უჯრედებს გადაჭრიან ნახევარ სიღრმემდე, შემდეგ ამოჭრილ ფიჭის ზოლს გადმოაბრუნებენ ზედა მიმართულებით და ასანთის ღეროს საშუალებით ჭიების გაჭყლეტვით აკეთებენ გამოხშირვას ისე, რომ ჭიებიან უჯრედებს შორის დარჩეს ორ- ორი ცარიელი უჯრედი, შემდეგ ფრთხილად გააგანიერებენ სადედედ გამიზნულ ფიჭის უჯრედების კიდეებს რაზედაც ფუტკრები სადედეებს სიამოვნებით ჩამოაშენებენ.
ჭიებიან ფიჭის ზოლს ამაგრებენ სპეციალურ ხის თამასაზე, რომელზედაც აწებებენ გამდნარ, მხოლოდ ნელთბილ მდგომარეობაში მყოფი ცვილით. ცხელი ცვილის გამოყენება არ შეიძლება, რადგან მან უჯრედში მყოფი ჭია შეიძლება დააზიანოს, არც გაციებული ცვილი არ გამოდგება საამისოდ, რადგან იგი ცუდად დაამაგრებს ფიჭის ზოლს თამასაზე.
ჭიებიანი ფიჭის ზოლის მოჭრის მეთოდის უარყოფით მხარედ ითვლება ის, რომ ზიანდება ფიჭა და ისპობა ბევრი ჭია. ამიტომაც ასეთი მეთოდი მისაღებია მხოლოდ ინდივიდუალურ საფუტკრეებში.
2. ცანდერის მეთოდი
ცანდერის მეთოდი ჭიების გადატანის გარეშე დედა ფუტკრების გამოყვანის ყველაზე მოხერხებული მეთოდია, რადგან ამ შემთხვევაში მიიღება ცალკეული სადედეები, რომლებიც ერთიმეორისაგან იზოლირებულნი არიან, რაც აადვილებს მათ ჩასხმას ნუკლეუსებსა და ფუტკრის ოჯახებში ჯერ ამზადებენ ფიჭის უჯრედებიან ზოლებს, რომელშიაც 1-2 დღიანი ჭიებია.
მას ნაჭრებად ჭრიან, ისე რომ თითოეულში იყოს დედის გამოსაყვანად ვარგისი ასაკის 1- 2 დღიანი ჭია, შემდეგ თითოეულ მათგანს, უჯრედის ძირის მხრიდან ჩაყოფენ გამდნარ ნელთბილ ცვილში და დააწებებენ 25 25 მმ ზომის ფიცრის კვადრატზე, რომელსაც მიაწებებენ სპეციალურ ხის თამასაზე, ან ხის კვადრატის ნაჭრებს ამოავლებენ გამდნარ ცვილში, დააწებებენ ხის ჩარჩოზე მორგებულ მოძრავ ფირფიტაზე ერთიმეორისგან 5 მმ დაშორებით და შემდეგ მასზე დააწებებენ სადედე ჭიებიან უჯრედებს.
ერთ ფირფიტაზე თავსდება 12-15 ცალი კვადრატი, სადედე რძის მისაღებად კი კვადრატებს ერთმანეთთან ახლოს აწებებენ და მათი რიცხვი 30-მდეა, რის შემდეგაც მოძრავ ფირფიტას, რომელზეც დამაგრებულია კვადრატები ჩააბრუნებენ ისეთ მდგომარეობაში, რომ ფიჭის უჯრედის ღია ბოლო იყურებოდეს ქვემოთ და ჩადგამენ აღმზრდელ ოჯახში.
დედა ფუტკრის გამოყვანა ჭიის გადატანით
ჭიების გადატანით დედების გამოყვანის მეთოდი (გ. ავეტისიანის 1971 წ. მონაცემებით) პირველად მოგვაწოდა ამერიკელმა სპეციალისტმა დულიტლმა 1989 წ. მაგრამ მის გამოქვეყნებამდე რუსმა მეფუტკრე სპეციალისტმა ე. გუსევმა 1860 წელს შეიმუშავა დედა ფუტკრების ხელოვნურად გამოყვანის ორიგინალური მეთოდი, რაც გამოიხატება ხელოვნურ სადედეებში სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით კვერცხის გადატანაში, რომელსაც დღესაც იყენებენ მეფუტკრეობაში.
ჭიების გადატანით დედა ფუტკრების გამოყვანის მეთოდი ლიტერატურაში ცნობილია პრატა-დულიტლის (აშშ) სახელწოდებით, რომელმაც ფართე გამოყენება ჰპოვა როგორც ჩვენთან, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებში.
პრატს გადაჰქონდა ჭიები სპეციალურად სერიულად დამზადებულ სადედეებში (რასაც თანამედროვე პირობებში აღარ აკეთებენ), დულიტლს კი ჭიები გადაჰყავდა ხის კვადრატზე მიწებებულ ისეთ სადედეებში, რომელიც დამზადებული იყო ფიჭის უჯრედის ძირის დიამეტრის მქონე ხის სპეციალური შაბლონის ცხელ ცვილში ჩაყოფით.
თანამედროვე მეთოდი კი აერთიანებს ორივე ავტორის მიერ მოწოდებულ დედა ფუტკრის გამოყვანის მეთოდს და ამიტომაც იგი პრატა-დულიტლის სახელს ატარებს, რომელიც მოიცავს შემდეგ პროცესებს:
ა) სადედეების დამზადებას;
ბ) გამზადებული სადედეების მომზადებას მასში ჭიების გადასატანად და საკვებით უზრუნველსაყოფად;
გ) ჭიების დამყნობას.
ერთდღიანი ჭიის მისაღები, აღმზრდელი ოჯახის შესაქმნელი, სამამლე ოჯახების მოსამზადებელი და სხვა სამუშაოები ისევე ტარდება, როგორც ჭიების გადატანის გარეშე დედების გამოყვანის დროს ხდება.
დედა ფუტკრების მისაღებად ყველაზე მარტივი მეთოდია ფუტკრის ოჯახის დაობლების წესი, ანუ ძლიერი ოჯახიდან დედა ფუტკრის ამოყვანა რამოდენიმე ბარტყიან და ფუტკრით დაფარულ ჩარჩოსთან ერთად და ახალ სკაში მათი მოთავსება.
უდედოდ დარჩენილი ფუტკარი ჩამოაშენებს მრავალ სადედეს, რომელსაც დაობლებიდან მე-9-10 დღეს ამოჭრიან ან ჩარჩოთი გადაიტანენ ახლად შექმნილ უდედოდ დარჩენილ ნამატ ოჯახში, ან მისცემენ რამოდენიმე გაჭირვების სადედეს, რომელთაგან ფუტკარი ამოირჩევს სასურველს.
თანამედროვე პირობებში დედების გამოსაყვანად ჭიების გადამყნობისათვის იყენებენ კ. ჯენტერის მიერ მოწოდებულ პლასტმასის ჯამებში სადედე ჭიების გადაყვანის მეთოდს.
სადედე ჯამების მომზადება დედების გამოსაყვანად და რძის ასაღებად შაბლონს, რომელიც 9 მმ დიამეტრის სფეროსებური დაბოლოებიანი ცილინდრული ხის ჯოხია, ჩადებენ ჯერ ცივ წყლიან ჭურჭელში, ამოიღებენ და წყლის მოსაცილებლად დაბერტყავენ, შემდეგ მოათავსებენ გამდნარი ცვილის, 9 მმ სიღრმეში (გამდნარი ცვილის ტემპერატურა უნდა იყოს ისეთი, ცვილში ჩანდეს ბუშტები) და ამოიღებენ.
ამ პროცედურას იმეორებენ ორ- სამჯერ უკვე 5 მმ სიღრმეში (ცვილში) ჩაყოფით, რათა ჯამის ფსკერს კედლებთან შედარებით სქელი ძირი ჰქონდეს და კარგად რომ მიეწებოს თამასაზე, მას კიდევ ასველებენ თხევადი ცვილით და მაშინვე თამასაზე სასურველ ადგილზე აწებებენ, ოდნავ მოაბრუნებენ ჯოხს ღერძის გარშემო მცირე დაწოლით, ჯამი მიეწებება თამასას, ამოღებულ ჯოხს კი ასველებენ წყალში და ჯამის გასაკეთებელ და თამასაზე მისაწებებელ პროცესს იმეორებენ.
გაცივების შემდეგ შაბლონს აცილებენ სადედე ჯამებს, აგროვებენ ჰერმეტულად დახურულ სპეციალურ ჭურჭელში. სადედე ჩარჩოებს თამასაზე მიმაგრების დროს კი სადედე ჯამების ძირს ოდნავ ალღობენ სპირტქურაზე ქვედა მხრიდან. დედის გამოსაყვანად თითოეულ თამასაზე სწრაფად აწებებენ 12-13 სადედე, ხოლო სადედე რძის მისაღებად 30-მდე ჯამს.
ჯამის ფსკერზე რძის დაწვეთების შემდეგ მათში სამყნობი ფითხებით გადაჰყავთ ერთდღიანი ჭიები, ჩადგამენ ყუთში და შემდეგ მოათავსებენ აღმზრდელი ოჯახის ბუდის შუაში, სადაც ძიძა ფუტკრები იწყებენ მათ გამოკვებას მათ მიერ გამომუშავებული რძით. ფიჭის უჯრედებს, რომელშიაც ახალგაზრდა ჭიებია, აწებებენ არა მარტო ოთხკუთხა კვადრატზე, არამედ სამკუთხა ფორმის თხელ ფირფიტაზეც. (1-2 მმ სისქის და 3-3,5 სმ სიგანის და დაფუძნებაში 1.5-2 სმ სიგანის), როგორიცაა ასანთის კოლოფის ფირფიტა, რომელსაც ამაგრებენ დასამყნობ ფიცარზე.
ასეთნაირად მომზადებული სადედეიანი ფირფიტა ჩაიდგმება ბუდეში სადედის დაუზიანებლად. ამ შემთხვევაში სადედეები ამოჭრას არ საჭიროებენ, რაც აადვილებს მუშაობას და დედების შენარჩუნების გარანტიას იძლევა. ამ მეთოდმა ჰპოვა ყველაზე მეტი პრაქტიკული გამოყენება მეფუტკრეობაში.თანამედროვე პირობებში დედების გამოსაყვანად იყენებენ პლასტმასის ხელოვნურ ჯამებს.
აღმზრდელი ოჯახის მომზადება აღმზრდელი ოჯახის შესაქმნელად შეარჩევენ ფუტკრის ძლიერ ოჯახს, რომელშიაც არანაკლებ 5 კგ ფუტკარია.
ჰყავს საკმაო რაოდენობით ახალგაზრდა ფუტკრები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბარტყის გამოკვებას სადედე რძით და სადედეების ჩამოსაშენებლად აქტიურად გამოყოფენ ცვილს. მასში უხვადაა გადაბეჭდილი ბარტყი, აქვს 6-7 კგ საკვები თაფლი და 2-3 ჭეოიანი ჩარჩო.
მაგრამ ადრეული დედების გამოყვანისათვის ოჯახები ჯერ კიდევ სრულყოფილ სიძლიერეს ვერ აღწევენ და აღმზრდელ ოჯახს, რომელსაც დროებით მოაცილებენ დედას ამავე სკის და სხვა ოჯახებიდან ამოყვანილი ბარტყიანი და ფუტკრიანი ჩარჩოებით ქმნიან პატარა ნამატ ოჯახს, სადაც დედა აგრძელებს კვერცხისდებას.
აღმზრდელი ოჯახის შერჩევის შემდეგ ამოიყვანენ დედას, მოაცილებენ მთლიანად ღია ბარტყს, რითაც ხელს უშლიან ოჯახს, რომ თავისი ჭიიდან დედა არ გამოიყვანონ. აღმზრდელ ოჯახში ტოვებენ არანაკლებ 2 ჩარჩო გადაბეჭდილ ბარტყს და აძლიერებენ ახალგაზრდა ფუტკრების დამატებით, რაც აუცილებელია დედების გამოსაყვანად და გამორიცხავს გაჭირვების სადედეების ჩამოშენების შესაძლებლობას. თუ ოჯახი ხანგრძლივი პერიოდითაა დაობლებული და რამოდენიმე პარტია დედებია გამოყვანილი, მასში მცირდება დედა ფუტკრების გამოყვანის რაოდენობა, ამიტომაც ეს ოჯახი მოითხოვს ყოველთვის ახალგაზრდა ფუტკრით ოჯახის უზრუნველყოფისათვის გადაბეჭდილი ბარტყიანი ჩარჩოების მიმატებას.
ერთი ასაკის ჭიების მიღება
დედების ხელოვნური გამოყვანა უნდა მოხდეს ძლიერი პროდუქტიული ოჯახიდან ერთი ასაკის არაუმეტეს ერთი დღის ჭიებზე. ამ მიზნით მუშაობას იწყებენ დედების გამოყვანის დაწყებამდე 4-5 დღით ადრე.
შეარჩევენ ისეთ ფიჭიან ჩარჩოს, რომელზეც კარგად და სწორადაა აშენებული უჯრედები და რომელშიაც გამოზრდილია 2-3 თაობა ბარტყი. ფიჭას ნაზად მიასხურებენ თაფლიან წყალს და მოათავსებენ იზოლატორში (რომელშიც ბუდის ჩარჩო თავისუფლად იდგმება), რომლის კედლები მესერიანია, საიდანაც შესვლა და გამოსვლა შეუძლია მუშა ფუტკარს, ხოლო იზოლატორში ჩასმულ დედას გამოსვლა არ შეუძლია.
იზოლატორში ჩადგამენ ფიჭას და შეუშვებენ დედას, ზევიდან დაახურავენ საფარს და ჩადგამენ ძლიერი ოჯახის ბუდის შუაში. დედა შიგ დაიწყებს კვერცხისდებას, სამი დღის შემდეგ იზოლატორიდან ამოიღებენ ჩარჩოს, რომლის ზედაპირზე გაუკეთებენ ნიშანს და ჩადგამენ ერთი დღით ადრე ამავე ოჯახის ბუდეში ჭიების გამოსაყვანად, იზოლატორს კი ამოიღებენ. მეორე დღეს ფიჭაზე იქნება ახალგაზრდა არაუმეტეს ერთი დღის ასაკის ჭიები.
ჭიების შემოწმება მიღებაზე
აღმზრდელ ოჯახს, სადედე ჭიის მიცემის შემდეგ კარგად დაათბუნებენ გვერდებიდან და ზემოდან. ჯახის ბუდეში დასამყნობად ჩარჩოს ჩადგმიდან 2 დღის შემდეგ ამოწმებენ ჭიების მიღებაზე, საზღვრავენ აღსაზრდელად ფუტკრის მიერ მიღებულ სადედეთა რაოდენობას.
თუ აღმზრდელმა ოჯახმა მცირე რაოდენობის სადედე მიიღო, მას ჩადგამენ სხვა ოჯახში და დაობლებულ აღმზრდელ ოჯახს თავისივე დედას დაუბრუნებენ, ხოლო ჭიების დათვალიერებას სადედეების მომწიფებამდე აღარ ახდენენ.
კარგი სადედეების მისაღებად აღმზრდელი ოჯახის ფუტკარს 12 დღის განმავლობაში კვებავენ 1:1-ზე მომზადებული სიროფით, ოჯახზე 0.5 ლიტრის რაოდენობით, ანუ ჭიების ჩადგმამდე 7 დღით ადრე იწყებენ და აგრძელებენ კვებას სადედეების გადაბეჭდვამდე. მაგრამ დედების გამოყვანის პერიოდში თუ შეწყდა ღალიანობა, მაშინ საკვებს აძლევენ ყოველდღიურად გაორმაგებული დოზით.
დაუშვებელია დედების გამოსვლა აღმზრდელ ოჯახებში. სადედეების ამოღების ნორმალური ვადა კვერცხის დადებიდან 13 დღეა, ე.ი. სადედეს ჩამყნობიდან 10 დღე. სრულყოფილი დედები გამოიყვანება მხოლოდ მსხვილი და სწორი სადედეებიდან. პატარა ზომის, მოგრეხილი ან ძლიერ წაგრძელებულ სადედეებს ანადგურებენ, ხოლო კარგ სადედეებიან ჩარჩოს ისევ უკან ჩადგამენ აღმზრდელ ოჯახში ნუკლეუსების მომზადების შემდეგ კი აღმზრდელ ოჯახს სადედეებს მოაცილებენ.
აღმზრდელი ოჯახი შეიძლება გამოყენებული იქნეს მეორე პარტიის ჭიებიანი სადედეების მისაცემადაც, ამიტომ ოჯახებს ჯერ აძლიერებენ გადაბეჭდილი ბარტყიანი ჩარჩოებით და მეორე დღეს აძლევენ მეორე პარტიის სადედეებს, ამის შემდეგ აღმზრდელ ოჯახს ნორმალურ ოჯახად აქცევენ, მას შეუერთებენ ამავე ოჯახიდან შედგენილ დედიან პატარა ოჯახს.
ფუტკრისათვის კარგ კლიმატურ პირობებში ახლად გამოყვანილი დედების განაყოფიერება ხდება დაბადებიდან 5-7 დღის განმავლობაში, ხოლო კვერცხის დადებას იწყებენ განაყოფიერებიდან 3-4 დღის შემდეგ. განაყოფიერებული დედა ფუტკრების შენახვა ორ კვირაზე მეტხანს მიზანშეწონილი არ არის.
ფუტკრის ოჯახში დედა ფუტკრის მიცემის ხერხები
მეფუტკრეობის პრაქტიკაში ოჯახში დედების მიცემის სხვადასხვა ხერხია არსებობს:
- მავთულბადიანი სადედე ხუფის ქვეშ მოთავსებით;
- სადედე გალიით;
- იზოლაციის გარეშე ოჯახში თავისუფალი შეშვებით;
- მწიფე სადედეების მიცემით და სხვა.
ფუტკრის ოჯახში დედების მიცემა ბევრად არის დამოკიდებული ოჯახის მდგომარეობასა და გარემო კლიმატურ პირობებზე. ფუტკრის ოჯახი დედა ფუტკარს ადვილად იღებს მაშინ, როცა თბილი, წყნარი ამინდი და ღალიანი პირობებია.
როგორც წესი, ოჯახი, რომელშიაც დიდი რაოდენობითაა ახალგაზრდა ფუტკრები, მიცემულ ახალ დედას კარგად ღებულობენ. შესაბამისად, თუ მასში მცირე რაოდენობითაა ახალგაზრდა ფუტკრები, მიცემულ დედას ისინი აგრესიით ხვდებიან.
უნდა გვახსოვდეს, რომ დედების მიცემის რომელი ხერხიც არ უნდა გამოვიყენოთ, თუ ოჯახში გაჭირვებული სადედეები არსებობს და ისინი არ ამოჭერით, დედების მიღების დაბალი შედეგი მიიღება ან საერთოდ უშედეგოდ დამთვრდება.
დედის მიცემა მავთულბადიანი ხუფით
ძველი დედის ამოყვანის შემდეგ ფუტკრის ოჯახის ბუდის შუიდან იღებენ ახალგაზრდა ფუტკრიან და მწიფე გადაბეჭდილ ბარტყიან ჩარჩოს, ხუფის ქვეშ მოთავსებულ დედას დაასახლებენ ფიჭაზე შუაში, რომელშიაც უნდა მოჰყვეს ათიოდე ფუტკარი, მცირე მონაკვეთზე თაფლი, ღია ბარტყიანი უჯრედები და გამოსასვლელად გამზადებული გადაბეჭდილი მწიფე ბარტყი.
გარედან ხუფის ქვეშ ფუტკრის შეღწევის თავიდან ასაცილებლად, ხუფს მასზე არსებული კბილანებით კარგად მიაბჯენენ ფიჭაზე. ორი დღის შემდეგ ამოწმებენ ხუფის ქვეშ მოქცეულ დედას. მისი ნორმალურად მიღების შემთხვევაში, თუ დედა ჩვეულებრივი იწყებს კვერცხისდებას, ფუტკარი მშვიდობიანად ეპყრობა მას და კვებავენ რძით, დედას გამოუშვებენ.
დედის მიცემა სადედე გალიით
გალიაში დამწყვდეულ დედას ათავსებენ ბუდის შუა ჩარჩოებს შორის და მეორე დღეს ათვალიერებენ, თუ ფუტკარი აგრესიას არ ამჟღავნებს, გალიაში წყნარად ზიან და ცდილობენ დედის გამოკვებას, გალიის ქვედა ხვრელის სარქველს აღებენ ან აფარებენ გამოსასვლელ ხვრელზე ფიჭის ნაჭერს, რომელსაც ნაზად წააცხებენ თაფლს. ფუტკრები გაღრღნიან ფიჭას და გაუშვებენ დედას. 2-3 დღის შემდეგ კვლავ სინჯავენ ოჯახს, დედის მიღებაზე. დედის განთავისუფლების შემდეგ სადედე გალიას ამოიღებენ.
თანამედროვე პირობებში გამოიყენება პრაქტიკულად ადვილად მისაღები სადედე გალია, რომელსაც დედის გამოსასვლელი ხვრელი ამოტენილი აქვს კანდით, უდედო ოჯახში ასეთი გალიის ჩადგმით ფუტკარი ითვისებს ხვრელში არსებულ კანდს, ამასობაში ეჩვევა დედას, მეფუტკრეს არ სჭირდება დედის გაშვება, რადგან კანდისაგან გამოთავისუფლებული ხვრელიდან დედა თავისით გამოდის და იწყებს ოჯახში მოღვაწეობას, დედის გამოსვლის შემდეგ კი მეფუტკრე გალიას სკიდან ამოიღებს.
ოჯახში დედის თავისუფალი შეშვება იზოლაციის გარეშე
ფუტკრისათვის ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში ნუკლეუსიდან იღებენ ჩაკვერცხილ ფიჭას, რომელზედაც ზის განაყოფიერებული დედა, მიიტანენ გადასატანი ყუთით იმ ოჯახთან, სადაც უნდა ჩადგან იგი. თუ ამ სკაში ძველი დედაა, იქიდან ამოიყვანენ მას და იმავე ჩარჩოზე დასმით მისცემენ ახალ დედას.
ზემოთ ჩამოთვლილი ოპერაციების დროს საჭიროა ფუტკრის გაღიზიანების გარეშე, მშვიდი მუშაობა და საბოლებლის ნაკლები ხმარება.
ზოგიერთი მეფუტკრე, განსაკუთრებით ღალიანობის პერიოდში, ახალ დედას ოდნავ თაფლწაცხებულს უშვებს ოჯახში საფრენიდანაც. თაფლწაცხებული დედა ნელა მოძრაობს, ფუტკრის გაღიზიანებას არ იწვევს, ფუტკარი სწრაფად ამყარებს კონტაქტს დედასთან და კვებავენ რძით. დიდი რაოდენობით თაფლის წაცხება დედა ფუტკარზე არ შეიძლება, რადგანაც მან შეიძლება შეუშალოს ხელი ფრთების მიწებების გამო მის მოძრაობას, ან სასუნთქ სტიგმებზე მოხვედრით ნორმალურ სუნთქვით პროცესებს.
მწიფე სადედეების მიცემა
სადედეებს იყენებენ ნუკლეუსებში ან ახალფორმირებული ფუტკრის ოჯახებში მისაცემად, ამიტომ დედის გამოსვლამდე 1-2 დღით ადრე მწიფე სადედეებს ამაგრებენ ბუდის შუაში ორ ჩარჩოს ზედა თამასებს შორის, მეორე დღეს შეამოწმებენ და თუ სადედე გაღრღნილი არ არის, ჩათვლიან მას მიღებულად, ხოლო გაღრღნის შემთხვევაში, მას ამოიღებენ და მისცემენ მეორე სადედეს.
მეფუტკრეობის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი ირაკლი რაზმაძე თავის ნაშრომებში გვირჩევს დამცავი ზამბარით მწიფე სადედის მიცემას, რომელიც წარმოადგენს სპილენძის ან ალუმინის 0,8-1,0 მმ-იანი მავთულისაგან დახვეულ სპეციალურ შაბლონს, რითაც ფუტკრის მიერ სადედის დაზიანება გამორიცხულია.
ხვიებს შორის მანძილი არაუმეტეს 1 მმ-იან, რომ ფუტკარმა თავის შეყოფა არ შეძლოს. ზამბარაში თავსდება მწიფე სადედე საიდანაც ერთ-ორ დღეში დედა უნდა გამოვიდეს. ზამბარა მოწმდება მიცემიდან მესამე დღეს მისი ამოღებით ჩარჩოების ამოუწევლად. თუ სადედეს ბოლო გამოჭრილია მრგვალად დედა გამოსულია და მისი ძებნა საჭირო არაა. ოჯახი ისინჯება 10 დღის შემდეგ, როცა დედამ უკვე უნდა დაიწყოს კვერცხის დება.
ამ მეთოდით მეფუტკრეები კმაყოფილნი რჩებიან.
ფუტკრის მომზადება დასაზამთრებლად და დათბუნება
დასაზამთრებლად ბუდის მოსაწყობად სკიდან იღებენ მცირე თაფლიან ჩარჩოებს, რომლებსაც ინახავენ გაზაფხულზე გამოსაყენებლად, ხოლო საკვების უკმარისობის შემთხვევაში ჩადგამენ ზაფხულში ბუდიდან ამოღებულ და სათადარიგოდ შენახულ თაფლით სავსე ფიჭებს.
მცირე თაფლიანი ფიჭების ბუდეში დატოვება არ შეიძლება, რადგან მასზე არსებული თაფლის ათვისების შემდეგ, ცივი ამინდების პირობებში, ფუტკარს მეზობლად მდებარე თაფლიან ფიჭაზე გადასვლა არ შეუძლია.
ბუდის შუაში არ უნდა დავტოვოთ ისეთი ჩარჩო, რომელზედაც ჩასხმული გადაბეჭდილი თაფლის ქვეშ არსებული ცარიელი უჯრედებიდან ბარტყი არ გამოჩეკილა.
ბუდის ორივე მხარეზე თაფლით სავსე ჩარჩოები უნდა განლაგდეს, ბუდის ცენტრისაკენ ჩარჩოებში კი ფიჭის ზედა ნახევარზე ჩასხმული თაფლიანი ფიჭები, რომლის ქვეშაც ფუტკარი გუნდის შესაკრავად სპეციალურად ინახავს ცარიელ უჯრედებს, ისე რომ გუნდის ზედა წვერო ეხებოდეს გადაბეჭდილ თაფლიან უჯრედებს.
ფუტკარი უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ისეთი ჩარჩოებით, რომელზედაც იქნება როგორც ჭეო, ისე თაფლი, მაგრამ ღია ჭეოთი მთლიანად გავსებული ფიჭის ბუდეში დატოვება დაუშვებელია, რადგან მას ფუტკარი ვერ დაფარავს და ობი გაუჩნდება, არ შეიძლება ასევე ჭეოთი მთლიანად გადავსებული ფიჭის ჩადგმა ბუდის ცენტრშიც, სადაც იგი გამოიწვევს გუნდის გაყოფას და იმ მხარეზე, სადაც დედა არ მოხვდება, ფუტკრის დაღუპვას.
მღრღნელების, ხვლიკების და სხვა მავნებლების სკაში შეღწევადობისაგან დასაცავად, სკას უკეთებენ თუნუქის საფრენს, რომელზეც ამოჭრილია 6-7 მმ სიფართის საძრომი.
დასათბუნებელად ტიხარსა და სკის კედლებს შორის დარჩენილ სივრცეში საფარ ტილოზე სახურავის ქვეშ ათავსებენ ბალიშებს, რისთვისაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბამბა, სართავი, საფეიქრო წარმოების ნარჩენები, ხავსი, აგრეთვე ჩალა, ბურბუშელა, მშრალი ფოთლები, ნახერხი და სხვა.
საფარ ტილოზე დასათბუნებელი მასალის მოსათავსებლად, ქარებისაგან სკის სახურავის გადაგდების და სკაში მღრღნელების შეღწევადობის თავიდან ასაცილებლად, კორპუსს მჭიდროდ ადგამენ საკუჭნაოს ნახევარი სიმაღლის ფიცრისაგან კორპუსის ზომებზე შეკრულ კარკასს — საბალიშეს (რომელშიაც თავსდება ბალიში), რომელზეც კარგად ჩამოეცმება სახურავი.
დათბუნების დროს საფარ ტილოზე ბალიშის ქვეშ აფენენ 2-3 ფენა გაზეთის ფურცლებს ბუდეში სითბოს შესანარჩუნებლად და ტენის ასათვისებლად.
თუ ფუტკრის ოჯახები სუსტია და ფუტკარი 3-5 ჩარჩოზეა ორივე გვერდიდან ათბუნებენ, სკებს დგამენ ისე, რომ დილის მზის სხივებმა ბუდის წინა კედელი გაათბოს.
თუ საფუტკრეში გვყავს სათადარიგო დედები, ისინი უნდა შევინახოთ ჰორიზონტალურ, წოლელა სკებში, ერთმანეთისგან გამყოფი ტიხრებით და ცალ-ცალკე საფრენებით, რომლებიც ერთმანეთს კარგად გაათბობენ, ხოლო უფუტკროდ დარჩენილი თავისუფალ სივრცეს საგულდაგულოდ ათბუნებენ.